„ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას – არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიეცა ძალადობრივი ხასიათი, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო ძალადობრივი შეკრებები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები. ცხადია, ყველაზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს უვარდებოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაა საუბარი, პირდაპირ ქვების, „პეტარდებისა“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა იყო. ბრუტალური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს, ხალხი დააპირისპიროს, პოლარიზაცია გააღრმაოს. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არც გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ. „უკრაინიზაციის“ განხორციელების შესაძლებლობას ვერავინ შეძლებს. ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.