თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ა ბლოკის დარბაზების რეაბილიტაცია და სასწავლო სივრცეების სარემონტო სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სარკეებიან დარბაზში ხორციელდება დარაბების და კარების რესტავრაცია, სრულდება ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიც.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერს, კახა კალაძეს სასახლის დირექტორმა ნინა ყიფიანმა გააცნო.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. გარე ფასადის რესტავრაცია ჩვენ გასულ წელს დავასრულეთ, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა. სამწუხაროა, რომ ბოლოდროინდელი აქციების შედეგად, ფასადის გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. შიდა სამუშაოებს რაც შეეხება, აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილი სარკეებიანი დარბაზი ულამაზესი გამოდის, ასევე, ცენტრალური, დიდი დარბაზი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული იქნება. შენობის აღნიშნული ნაწილი, რომელიც ავარიული იყო, მთლიანად გამაგრებულია. მოწესრიგებულია მიწისქვეშა წყლებიც, რაც აღნიშნულ შენობა-ნაგებობას პრობლემას უქმნიდა. ასევე, გვინდა, ეზოს რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც მომავალ წელს დაიწყება და მალევე დასრულდება. მიხარია, რომ კიდევ ერთი რეაბილიტირებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს, რომელიც ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა სივრცისა და ფასადის რეაბილიტაციას მოიცავდა.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას; საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; შენობის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას პირვანდელი სახით; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ღობეების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ.
პროექტის სრული ღირებულება 53 945 145 ლარს შეადგენს.