leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი: მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ლუიშ გრასამ საქართველოში აქციის მონაწილეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო ხელისუფლებას – პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„მე ღრმად შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. მე ასევე მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. საპროტესტო აქციები მშვიდობიანი უნდა იყოს. ამავდროულად, იმის ხაზგასმით, რომ პოლიციას აქვს მოვალეობა გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტებზე რეაგირებისას, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

თავის განცხადებაში ლუიშ გრასამ ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლარიზებულ გარემოში, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, დაეხმაროს დიალოგის ხელშეწყობაში და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობასა და ყველა ქართველის კეთილდღეობას. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ ჩართულობას ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ