აქციების დროს, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებისთვის დაკავებულთა ბრალდება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, აქტივისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებების ფაქტებზე გამოძიება სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს. მისი თქმით, აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული სანქცია რიგ შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
აღნიშნული კომენტარი, ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული.
“მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სხვადასხვა – პოლიციელზე თავდასხმის, ასევე, ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. რაც შეეხება სანქციებს – ზოგიერთ შემთხვევაში განსაზღვრულია 7 წლამდე პატიმრობა, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა სახის სანქცია. გრძელდება გამოძიება, ჩვენ ვაგროვებთ დამატებით მტკიცებულებებს სასამართლოში წარსადგენად და უკვე სასამართლო სხდომაზე მოხდება შესაბამისი მსჯელობა თუ რა სახდელს გამოიყენებს მოსამართლე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ”,- განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე დარახველიძემ.