მუხიანის დასახლებაში, ლაგურაშვილის ქ. N3-5 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
„მუხიანში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში რეკრეაციული პროექტი ხორციელდება. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რა შესაძლებლობაც იყო, ვაწესრიგებთ – მწვანდება, ბავშვებისთვის იდგმება შესაბამისი ატრაქციონები, დაირგვება ხე-მცენარეები, დაიგება რულონური ბალახი თავისი სარწყავი სისტემით, მოეწყობა განათებები. ასევე, განახლდება მოედანი, რომელსაც გასულ წელს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, თუმცა საჭიროებს დამატებითი სიახლეების შეტანას და ეს პროექტიც განხორციელდება. მაქსიმალურად ავითვისეთ აღნიშნული ტერიტორია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ დასვენების, გართობის და ვარჯიშის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია მოსასვენებელი და ფიტნეს ზონები, ასევე მოეწყობა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე თვეში დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.