თეა ფირცხალავა: დღეს ბუმბერაზ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტ სპარტაკ ბაღაშვილს 110 წელი შეუსრულდებოდა, მას რომ შეხედავდი, ერთი პატარა ხეობის კი არა, სრულიად საქართველოს ხევისბერობას ანდობდი
“დღეს ბუმბერაზ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტ სპარტაკ ბაღაშვილს 110 წელი შეუსრულდებოდა. მას რომ შეხედავდი, ერთი პატარა ხეობის კი არა, სრულიად საქართველოს ხევისბერობას ანდობდი, მისი ხმის ტემბრი კი ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც ჰამლეტ გონაშვილის სულიდან ამოშვებილი მუსიკალური ბგერები”,– ამის შესახებ ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს.
“სპარტაკ ბაღაშვილი გარეგნობითაც გამორჩეული იყო, შეხედავდი და თვალწინ მთელი ის ტვირთი დაგიდგებოდა, რომელიც მხრებზე აწვა. ამ ტვირთში ბევრი რამ იგულისხმებოდა: განვლილი ცხოვრება, ქვეყნის ისტორია, მეგობრის ღალატი და დასმენით დაპატიმრება, ფსიქიატრიული საავადმოყოფოს კედლები, მცირედი სიხარული და დიდი დარდი, რაზეც მისი უზომოდ ღრმა და “მოლაპარაკე” თვალები გიამბობდნენ და თუ ამ ყველაფერს აკომპანიმენტად მის ხმას დაურთავდი, საოცარ სამყაროში აღმოჩნდებოდი, რომელსაც დიდი ქართველი მსახიობის სამყარო ერქვა. სპარტაკ ბაღაშვილს ერთხელ დაინახავდი და არასოდეს დაგავიწყდებოდა, ერთხელ მოუსმენდი და სხეულში ჟრუანტელი დაგივლიდა.
აი, ასეთი მონაცემების მქონე კაცი უზომოდ მოკრძალებული იყო და თავისი დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. არადა, კიდევ რამდენი სახასიათო სახის შექმნა შეეძლო, არა მხოლოდ კინოეკრანებზე, არამედ თეატრშიც და ეს უკანასკნელი მის სანუკვარ ოცნებად დარჩა.
სპარტაკ ბაღაშვილის ვაჟის მოგონებებს წავაწყდი, სადაც იხსენებდა, როგორ მიიწვია ლეგენდარულმა სერგო ფარაჯანოვმა ბატონი სპარტაკი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებში“ გადასაღებად, 1964 წელს. ფარაჯანოვს წერილი მიუწერია, სპარტაკჯან, გეხვეწები, ჩამოდიო.
მეორე ამბავი სტალინისა და სპარტაკის შეხვედრას ეხება… სტალინს მსახიობისთვის უთხოვია, ოტელოს მონოლოგი წაიკითხეო. სპარტაკს ისე წაუკითხავს, ბელადს გაოცებისგან ხმამაღალი კომპლიმენტი უთქვამს, კიმარა, ასეთი ნიჭიერი ხარ და ბედს დრამაშიც რატომ არ სცდიო, მერე დაუყოლებია, იქნებ თეატრებში არ გიღებენ, მითხარი, ნუ მოგერიდებაო. სპარტაკს უთქვამს, კინო მიყვარს და იქაც კი შემთხვევით მოვხვდიო.
სპარტაკ ბაღაშვილი დაიბადა 1914 წლის 7 დეკემბერს, თბილისში.
1951 წელს მსახიობი ანტისაბჭოთა ანეკდოტის მოყოლის გამო დააპატიმრეს, თანაც ვიღაცის „მეგობრული“ დასმენის საფუძველზე. იგი ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ლენინგრადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ციხეზე უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ იყო. იწერება, რომ ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილის მეუღლე სუსლოვთან ჩავიდა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მსახიობი გაათავისუფლეს.
დიდ ხელოვანს ღვთით ბოძებულმა ხმამ სიცოცხლის ბოლომდე გაუძლო, გულმა კი არა. საავადმყოფოში მოთავსებისას სპარტაკს უკითხავს, დღეს რა დღე არისო, – კვირაო, უთქვამთ, – ჰოდა, კვირა დღეს წასვლა კარგიაო და… წასულა…
62 წლის სპარტაკ ბაღაშვილი გარდაიცვალა 1977 წელს და იგი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა”,– წერს ფირცხალავა.