„აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან. მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ NATO-ს დატოვებას განიხილავს”, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები NATO-ში“, – განაცხადა ტრამპმა.
„NATO-მ ისარგებლა ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობებით. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ჩვენს საკვებ პროდუქტებს, ისინი არაფერს იღებენ. ეს სირცხვილია. ამასთან, ჩვენ ვიცავთ მათ, ასე რომ, ეს ორმაგი დარტყმაა. მე შევძელი ასობით მილიარდი დოლარის მობილიზება მხოლოდ და მხოლოდ ხისტი დამოკიდებულებით. მე ვუთხარი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს: არ დაგიცავთ, ვიდრე არ გადაიხდით, და მათ დაიწყეს გადახდა. შედეგად, 600 მილიარდ დოლარზე მეტი მივიღეთ. ეს არ არის პატარა რამ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, შეამციროს ამერიკის მხრიდან კიევისთვის დახმარება.