„იანდექსის“ თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირმა სასანქციო სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
სასანქციო სიიდან ასევე ამოიღეს კორპორაცია „სისტემას“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცი და სლოვაკეთის მოქალაქე იოზეფ ჰამბლეკი, რომელიც რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ ევროპულ ფილიალს ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, სასანქციო სიიდან ევროკავშირმა ამოიღო რამდენიმე გარდაცვლილი პირი, მათ შორის „ვაგნერის“ მეთაური დიმიტრი უტკინი, რომელიც 2023 წელს ევგენი პრიგოჟინთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, რუსეთის სათათბიროს დეპუტატები ნიკოლაი ბორცოვი და დიმიტრი ზუბარევი, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენადი ჟიდკო.
არკადი ვოლოჟს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის ივნისში დაუწესა. ამის შემდეგ მალევე ვოლოჟმა „იანდექსში“ და მის საერთაშორისო შვილობილ სტრუქტურებში ხელმძღვანელი თანამდებობები დატოვა.
2023 წლის აგვისტოში ვოლოჟმა საჯაროდ დაგმო უკრაინაში რუსული ჯარის ქმედებები და რუსეთის შეჭრას „ბარბაროსული“ უწოდა.