დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს
“სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით, რადიკალები სიტუაციის დასამძიმებლად სისხლის დაღვრასაც არ მოერიდებიან.
„როგორც ეტყობა, მათი [ოპოზიციის] თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის სიმძიმე უფრო მეტად გამოიკვეთოს. ამ ყველაფრის მისაღწევად არ ერიდებიან ეს უსამშობლო ადამიანები სისხლი დაიღვაროს. მოვუწოდებ სიფრთხილისკენ როგორც საზოგადოებას, ასევე იმ პირებს, ვინც ოდნავ მაინც ფიქრობს და გეგმავს იმას, რომ კრიმინალის ჩადენით, რაიმე ფორმით ის მერე დაუსჯელი დარჩება.
ძალიან ცდებიან, რადგან სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს – იმ კრიმინალში და იმ გეგმებში, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს გააჩნიათ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.