leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია

“მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტი განიხილეს.

რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ პიროტექნიკა სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ასევე, ის აზიანებს გარემოს.

„ამ პროექტის შემუშავება განპირობებულია პრაქტიკაში წარმოშობილი საჭიროებით, მოხდეს მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქტის ბაზარზე განთავსების რეგულირება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის ფიზიკური დაზიანება, ხელების, სახლის, თვალების დამწვრობა, კიდურის დაკარგვა ან ადამიანის გარდაცვალებაც კი. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროტექნიკის არასწორი გამოყენება იწვევს სხვადასხვა ფორმის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას, ამავდროულად მისი გამოყენებისას განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან ბავშვები.

ასევე, პიროტექნიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოსაც. აფეთქებების შემდგომ ნაწილაკებად დაშლილი პიროტექნიკა ხვდება ჰაერში, წყალში, ნიადაგში, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდება ეს საკითხები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღესვე აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ასევე იხილეთ