“ევროპის ბევრ ქვეყანაში ქუჩაშიც კი აკრძალულია ნიღბებით გადაადგილება, რომ ადამიანის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაზე მინიმალურ შეზღუდვას დააწესებს და შეეხება მხოლოდ მიტინგებს და დემონსტრაციებს, სადაც პირს ნიღბის გამოყენება ექნება აკრძალული.
„ევროპის ბევრ ქვეყანაში ნიღბებით გადაადგილება ქუჩაშიც კი აკრძალულია, იმიტომ, რომ ადამიანის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი, რათა ის არ იყოს წაქეზებული სამართალდარღვევისკენ. ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამოცნობილი იქნება თუ ასეთ სამართალდარღვევას ჩაიდენს. ჩვენ ყველაზე მინიმალურ შეზღუდვას დავაწესებთ. ეს მხოლოდ მიტინგებს და დემონსტრაციებს შეეხება, სადაც პირს აკრძალული ექნება ნიღბის გამოყენება, რათა მისი მხრიდან სამართალდარღვევა წახალისებული არ იყოს.
ჯარიმების ოდენობასთან დაკავშირებით, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასეთ პირს რა და როგორი ჯარიმა შეიძლება, შეეფარდოს. პრევენცია ხდება იმ ადამიანების, რომლებსაც განზრახული აქვთ რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.