თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპისგან სი ძინპინის მიწვევა ინაუგურაციაზე ახალი პოლიტიკის დასაწყისია – „ომის პოლიტიკის” შემდეგ „ტვინების პოლიტიკა” იწყება კონკურენციის და არა იარაღის გზით. სწორედ აქ არის საქართველოს ადგილიც
„დღეიდან ევროპას მოუწევს პოლიტიკის დაბალანსება ამერიკა-ჩინეთს შორის. ეს პოზიციები რუსეთისთვის არცთუ სახარბიელო იქნება, მაგრამ ამ ეტაპისთვის მისაღები“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დონალდ ტრამპის ნაბიჯს აფასებს, როდესაც მან ინაუგურაციაზე ჩინეთის პრემიერი სი ძინპინი მიიწვია. თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები საქართველოზეც მოახდენს გავლენას, მითუმეტეს, რომ ქვეყანა მზად ხვდება ამ გამოწვევებს.
„როგორც უკვე ცნობილი გახდა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე ჩინეთის პრემიერი სი ძინპინი მიიწვია. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ექსპერტებში, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობით წინ გვქონდა ახალი დაძაბულობა და შესაძლოა, ახალი ომებიც მსოფლიოში. ჩვენ კი, მივიჩნევდით, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ლიდერობას არა ომით, არამედ კონკურენციის გზით გააგრძელებდა. ტრამპისგან სი ძინპინის მიწვევა ინაუგურაციაზე ახალი პოლიტიკის დასაწყისია – „ომის პოლიტიკის” შემდეგ „ტვინების პოლიტიკა” იწყება და ეს პერიოდი იქნება ძალზედ საინტერესო განვითარებული სამყაროსთვის. მსოფლიო მკვეთრად ორპოლუსიანი ხდება, თუმცა, ჯერ კიდევ იარაღით მოსაუბრე რუსეთის ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბედიც, რომელიც არასოდეს ყოფილა მსოფლიოს პოლიტიკური პოლუსი, ის ყოველთვის პოლიტიკას აბალანსებდა ამერიკა-რუსეთს შორის. დღეიდან ევროპას მოუწევს პოლიტიკის დაბალანსება ამერიკა-ჩინეთს შორის. ეს პოზიციები რუსეთისთვის არცთუ სახარბიელო იქნება, მაგრამ ამ ეტაპისთვის მისაღები. ტრამპის მცდელობა, სავარაუდოდ, იქნება ის, რომ მსოფლიო ამერიკა-ჩინეთის გავლენის ქვეშ გადანაწილდეს. თუმცა, აქაც ის შეეცდება, უპირატესობა არ დათმოს. ამერიკის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ჩინეთის პოლიტიკის მთავარი იარაღი იმიგრირებული დემოგრაფიული პოლიტიკაა, რაც მის ქვეყანაშიც ძლიერ არის შეწოვილი და რაც მთავარია, ამ მოქალაქეებს არ დაუკარგავთ კავშირი ჩინეთთან. არავინ იცის, კრიტიკულ სიტუაციაში კონფუციზმის მიმდევრები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ? ტრამპის პოლიტიკაში იგრძნობა სიფრთხილე და ანგარიშგაწევა არსებულ რეალობაზე, რომელსაც ვეღარ შეცვლი. სწორედ ეს არის მისი საიმიჯო პოლიტიკური ხელწერა. რაც შეეხება ინაუგურაციაზე ვიქტორ ორბანის მიწვევას, აქაც ცხადია მისი მესიჯი, რომ ევროპის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტრანსფორმირება უნდა მოხდეს. ორბანი ევროპის ახალი ლიდერია. სად არის საქართველოს ადგილი და როგორ აისახება ახალი პოლიტიკის კონტურები ჩვენს ქვეყანაზე? აქ მთავარი არის ჩვენი უკვე გაცხადებული პოლიტიკა, იდეოლოგია, ახალი სტრატეგიული პარტნიორის შეძენა ჩინეთის სახით, უნგრეთთან მჭიდრო მეგობრობა და შეძლებისდაგვარად დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება საგარეო ვექტორზე. ფაქტურად, საქართველო უკვე ახალი პოლიტიკით ცხოვრობს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.