ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება კეზერაშვილს ფულის გამოძალვას ედავებიან, ამიტომ უთხრა აშშ-მა ვიზაზე უარი
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-მა ვიზა დავით კეზერაშვილს მის მიერ ჩადენილი მძინე დანაშაულების გამო არ მისცა.
“ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო ინტენსიურადაა ჩართული, იძიებს და ედავება კეზერაშვილს უკანონო გზით ადამიანებისგან ფულის გამოძალვას, ხოლო შემდეგ ამ ფულის გათეთრებასა და გამოყენებას, ეს საკითხი ცნობილია, როგორც ევროპელი პენსიონერების ძარცვა, ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო.
ეტყობა, უკვე სამართლებრივი საფუძვლები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ გამოკვეთილია გამოძიების პერიოდში, ვფიქრობ, აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ. იქ მითითებაა სწორედ, ფულის გათეთრებაზე, რაც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე სამართალდარღვევად და დანაშაულად ითვლება. ალბათ, კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება კონკრეტულად ევროპის იმ ქვეყნებზეც, რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.