სოზარ სუბარი: სააკაშვილის ხელისუფლებამ იმიტომ, რომ 26 მაისის აღლუმი ჩაეტარებინა, უსასტიკესად დაარბია აქციის მონაწილეები, დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ოღონდ დაპირისპირება არ იყოს და ნაძვის ხის ანთება გადავდოთო
“სააკაშვილის ხელისუფლებამ იმიტომ, რომ 26 მაისის აღლუმი უნდა ჩაეტარებინა, უსასტიკესად დაარბია იქ [აქციაზე] მყოფი ადამიანები, დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ოღონდ დაპირისპირება არ იყოს და სჯობს ნაძვის ხის ანთება გადავდოთო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა.
„ეს არის განსხვავება სააკაშვილის ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის. სააკაშვილის ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ 26 მაისის აღლუმი უნდა ჩაეტარებინა, უსასტიკესად დაარბია იქ [აქციაზე] მყოფი ადამიანები. პირდაპირი დამიზნებით ხვდებოდა რეზინის ტყვიები მათ შორის დაკავებულ და ძირს დაწვენილ ადამიანებს. ორი ადამიანი მოკლეს. მაღაზიის თავზე შემოდეს, რომ ხალხს არ „ჩაშხამებოდათ“ ეს ზეიმი. ზეიმზე ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს ადამიანები და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ ვიღაც ადამიანები იყვნენ მოკლულები და დააბრალეს იმას, თითქოს დენით იყვნენ გარდაცვლილები. დღევანდელი ხელისუფლება ასე არ იქცევა. ხელისუფლებამ თქვა, რომ ოღონდ დაპირისპირება არ იყოს და სჯობს ნაძვის ხის ანთება გადავდოთო. ოღონდ ამას გამარჯვებად რატომ რაცხავს რადიკალური ოპოზიცია, მართლა გაუგებარია“, – აღნიშნა სუბარმა.