მიხეილ ყაველაშვილი: რომ არა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ წნეხს ვერ გავუძლებდით
„სწორედ გათვითცნობიერებულმა მოქალაქემ გადაარჩინა ეს ქვეყანა და მხარი დაუჭირა ხელისუფლებას პროცესებში. რომ არა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ ამ წნეხს ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა მათ, რომ ეს მათ კარგად გაიაზრეს”, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კითხვაზე, შედეგიანი იქნება თუ არა ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ დაიჭირა პრინციპული პოზიცია, ასევე უნდა გადაიტანოს არსებული გამოწვევები და დაიბრუნოს გულწრფელი ახალგაზრდები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი.
„მე დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს მოქალაქეზე, სწორედ გათვითცნობიერებულმა მოქალაქემ გადაარჩინა ეს ქვეყანა და მხარი დაუჭირა ხელისუფლებას პროცესებში. რომ არა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ ამ წნეხს ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა მათ, რომ ეს კარგად გაიაზრეს. მაგრამ, ჩვენ ასევე გვინდა, თუნდაც უმცირესობაში მყოფი, თუნდაც ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან გვტკივა. აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებიდან, ხელისუფლებიდან არ მსმენია, ვინმეს ეს ადამიანები სხვად, მოწინააღმდეგედ ან მტრად ჩაეთვალა.
როგორი რეალობა გვინდა, რომ იყოს – რა თქმა უნდა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ზეპარტიულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აპოლიტიკურობას არ ნიშნავს. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პოლიტიკური სივრცის გასაჯანსაღებლად, რომ პოლიტიკური პარტიები ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებზე იყვნენ შექმნილი, ეროვნული ინტერესების გამტარებლები და პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეზე ჰქონდეთ და არა დაკვეთებზე. ეს აშკარად იგრძნობა. ამას ვხედავთ და ამის შემცირება უნდა მოვახერხოთ.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინტერესი არსებობს და ჩვენ ღია გვაქვს დისკუსია, ჩვენ ასე ვხედავთ ამ პროცესებს, ამ გზას ვადგავართ, რომ არ ვემორჩილებით შანტაჟს, ვხედავთ, სანქციებით გვემუქრებიან. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ დაიბრუნონ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებით იმართებოდა და ეს რეალობაა. ამის დაბრუნება სურთ რიგ ძალებს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ – ეს არ არის კონკრეტული ქვეყნები, აქ არის წარმოდგენილი რიგი ძალები, რომლებსაც ეს გავლენები ჰქონდათ და ამ გავლენების დაბრუნება სურთ. ეს გამოიხატება სწორედ ორმაგი სტანდარტით და არამეგობრული დამოკიდებულებით. ეს ჩვენ გააზრებული გვაქვს, ამიტომაც ზურგს კი არ ვაქცევთ, ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი უნდა დამთავრდეს. პირველი პროცესი – ეს არის ტრამპის ინაუგურაცია და შემდეგ უკრაინის ომის დამთავრება. დარწმუნებული ვართ, ეს პროცესები შეიცვლება.
როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ დავიჭირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, ესეც უნდა გადავიტანოთ და დავიბრუნოთ ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ჩვენ კი არავის ვეუბნებით – მოგწონდეს და არ მოგწონდეს. ვეუბნები, რომ შენ თუ ამბიცია გაქვს, რომ თავისუფალი ადამიანი ხარ, კრიტიკულად მოაზროვნე, რომ არ გეშინია გამოწვევების, დისკუსიისთვის მზად ხარ, მაშინ სად არის ეს ქმედებაში?! მე გთავაზობ, რომ ეს ქმედებაში გადმოვიტანოთ.
ისეთი დიდი განძი, რომელიც ჩვენს კულტურაშია, ჯიშში, ქართველობაში, ისტორიაში, თანაცხოვრებაში, ტოლერანტობაში, სარწმუნოებაშია – ამხელა სიმდიდრე გვაქვს, რომ ნუთუ, შეიძლება შენ სხვას მიმართო და სხვას მოვუწოდოთ, ჩვენთან პოლარიზაცია დაასრულოს და სხვამ გვიშუამდგომლოს. ეს ხომ სირცხვილია, რომ ქართველ ადამიანს ერთმანეთთან სასაუბრო არ გვაქვს?!“ – განაცხადა ყაველაშვილმა.