leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა ფირცხალავა: დღეს ოთარ კობერიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა…

„რა მადლიანად ანათებს

შენი მზე, შენი მთვარეო,

შენ რადა გდის ცრემლები,

შენ კი შემოგევლები,

ჩემო სამშობლო მხარეო…“

დღეს სახელოვან ქართველ მსახიობს, რეჟისორსა და სცენარისტს, საქართველოს სახალხო არტისტ ოთარ კობერიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. მას მრავალი საინტერესო როლი აქვს შესრულებული ქართულ თუ საზღვარგარეთულ ფილმებში, რის გამოც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. იგი ჩვენთვის საყვარელ მრავალ ფილმშია გადაღებული, მათ შორის:  „სხვისი შვილები“, შეწყვეტილი სიმღერა“, „მამლუქი“, „ზღვის შვილები“, „წითელი კარავი“, „დათა თუთაშხია“.

არასოდეს დამავიწყდება დღე, როდესაც ყველა ქართველისთვის საყვარელი მსახიობი მამიდაჩემის, ლილი ფირცხალავასა და ბუბიკა ჟღენტის ოჯახში გავიცანი და შესაძლებლობა მქონდა, „ცოცხალი“ ოთარ კობერიძის ხმისა და გამორჩეულად დახვეწილი საუბრისთვის მომესმინა. მას შემდეგ ასეთი შეხვედრა არაერთხელ გაიმართა და ყოველ ჯერზე აღტაცებული ვრჩებოდი.

საქართველოში (და არა მხოლოდ) ბატონი ოთარი მართლაც ერთ-ერთი შესაშური აღნაგობის კაცი იყო, არწივისებური მზერით და საოცრად დახვეწილი ნაკვთებით, რის გამოც მას მრავალი ქვეყნის კინოსტუდიები იწვევდნენ. მეუღლეც შესაფერისი ჰყავდა, ულამაზესი ლია ელიავა, გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობი, ამიტომ საქართველოში მათი წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წყვილად მიიჩნეოდა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ქუჩაში შეხვდებოდა და სილამაზის აღქმის ოდნავი უნარი მაინც გააჩნდა, მათ გულგრილად ვერ ჩაუვლიდა. სხვათა შორის, ის შარმი, რომელიც ოთარ კობერიძესა და ლია ელიავას ჰქონდათ, მათ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

ოთარ კობერიძე გარდაიცვალა 2015 წელს და იგი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.

ბატონი ოთარი მართლაც გამორჩეული ქართველი კაცი იყო, რომელსაც სამშობლო სიგიჟემდე უყვარდა. ამიტომ ამ მცირე მოგონებას ჩვენი საყვარელი გმირის, ბაში-აჩუკის სიმღერით დავასრულებ, რომელიც ყოველი მოსმენისას სიყვარულის ცრემლს მგვრის:

„ნუ დაგიკარგავს იმედი შენი მთისა და ბარისა,

ამას ვნატრობ, მამულო, ცრემლით გადანამულო,

შენთვის სიკვდილი მაღირსა…“

 

ასევე იხილეთ