„ის, რომ თუ ადამიანი არის მუსლიმი, ის არ არის ქართველი, ეს მინიმუმ ჩვენი რეგიონის ისტორიის არცოდნაა და შეურაცხყოფაა ისეთი ადამიანების, როგორიც სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი იყო, როგორიც მემედ აბაშიძე იყო, როგორიც ხასან თხილაიშვილი იყო, რომელიც ჩემთვის ეროვნული გმირია, ქობულეთის რაზმი იყო, რომელიც მარადჟამს იბრძოდა ჩვენი რეგიონის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების ნაწილში, გულო-აღა კაიკაციშვილი მათ შორის. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს, ქართველ მუსლიმებს ჩვენი რეგიონის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების ნაწილში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი და ეს მინდა ვთხოვო, რომ გაითვალისწინოს, მათ შორის ყველა ქრისტიანმა“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.
ანანიძემ აღნიშნა, რომ რწმენა და აღმსარებლობა არის ადამიანის აბსოლუტური უფლება. მისივე თქმით, წინა თაობები მუდმივად ცხოვრობდნენ ჰარმონიულად, განსხვავებული რელიგიისა თუ ეთნოსის მიუხედავად და ასე უნდა გაგრძელდეს.
„ვაწყდებით სხვა შეფასებებსაც, იგივე სოცქსელებში ისლამის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენმა წინაპრებმა ნებაყოფლობით მიიღეს ეს რელიგია, როგორც ჭეშმარიტი რელიგია. ყველა რელიგიას პატივს ვცემ და ღმერთი ერთია, მაგრამ ესეც არის მცდელობა საქართველოს ისტორიის შეცვლის, ან არცოდნის. ჩვენი რეგიონის ისტორია არის სავსე თავდადებით და ყველამ ძალიან კარგად იცის ისტორიიდან, რომ ოსმალეთის ხმლის ქვეშ ხდებოდა რჯულის, სახელების და გვარების ტრანსფორმაცია. ორივე მხარეს ჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რწმენა და აღმსარებლობა არის ადამიანის აბსოლუტური უფლება. ჩვენი წინაპრები მუდმივად ცხოვრობდნენ ჰარმონიულად, განსხვავებული რელიგიისა თუ ეთნოსის მიუხედავად და უნდა გაგრძელდეს ასე. თუ ისტორიული კონტექსტიდან ვაკეთებთ დასკვნებს, ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს როგორც ერთი, ასევე მეორე შემთხვევები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოებს. მაგრამ მე პრობლემას მაინც ვხედავ, შეიძლება ახლა პათეტიკაში გადავედი, მაგრამ ცნობილ ნათქვამში „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, სამწუხაროდ ენა წახდა ერთმანეთთან კომუნიკაციის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.