ფრანგული გამოცემა ActuFoot „პსჟ“ – „ლიონის“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს დაუბრუნდა, როდესაც გოლის გატანის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე პარიზელების იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ წააქცია, მაგრამ მსაჯმა რატომღაც ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აჩვენა.
„კვლავ ვეძებთ გიორგი მიქაუტაძის ყვითელი ბარათის მიზეზს“ – წერია გამოცემის X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) გვერდზე, სადაც ეპიზოდის ვიდეო განსვავებული რაკურსითაა ნაჩვენები.
მომხდარზე კომენტარი გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა და თქვა, რომ ინციდენტის ეპიზოდში გაუგებრობა მოხდა.
„სერიოზული არაფერი ყოფილა. გოლის შემდეგ გამეცინა, რაც დონარუმამ დაცინვად ჩათვალა. მაგრამ შესვენებისას მივედი და ვუთხარი, რომ უბრალოდ, გოლის გატანა გამიხარდა. რაც შეეხება შეხვედრას, ცხადია, საკმაოდ რთული მატჩი იყო და შედეგით იმედგაცრუებულები ვართ.
როცა ჩვენი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცას არასწორად ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ არ ვნებდებით! წინ საფრანგეთის თასის მატჩი გვეკიდება, წელი დადებით შედეგით უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა.