leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

თადუმაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, საგარეო უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს ამ შეხვედრაზე მისი დასწრება, რათა ოფიციალური პირისგან მიიღოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მოიხსენია იგი დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.

„მოგეხსენებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოს მაღალი თანამდებობების მქონე დასანქცირებული პირების სია, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის – კესტუტის ბუდრისის – საჯარო განცხადება, რომ ძალადობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების ჩაგვრის შედეგად, ესტონეთთან თანამშრომლობით გააფართოვა დასანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია.

აღნიშნული განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში.

მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი.

ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – აღნიშნულია შალვა თადუმაძის მიერ მაკა ბოჭორიშვილისათვის გაგზავნილ წერილში.

 

ასევე იხილეთ