პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომლის თანახმად, დავით კეზერაშვილი ამერიკას უჩივის, პარადოქსია. ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესები კეზერაშვილის ინტერესების საზიანოდ დასრულდება.
“პარადოქსია, რომ ამერიკას უჩივის კეზერაშვილი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იკვეთება, რომ მას არც აქამდე არ უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია, როცა წერტილი დაესმება ხოლმე კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას. იმედი მაქვს, ეს პროცესები დასრულდება არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, კრიმინალის ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.