ნინო წილოსანი: არავის აწყობს იქეთ მხარეს დიალოგი იმიტომ, რომ დიალოგი მათი გადმოსახედიდანაც ნიშნავს პროცესების ქუჩიდან დისკუსიის რეჟიმში გადმოტანას
“არავის აწყობს იქეთ მხარეს დიალოგი იმიტომ, რომ დიალოგი მათი გადმოსახედიდანაც ნიშნავს პროცესების ქუჩიდან დისკუსიის რეჟიმში გადმოტანას”, – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა “დღის ქრონიკაში” საჯარო დისკუსიის შესახებ პრემიერი-მინისტრის შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა.
“ამიტომ პრემიერ-მინისტრის არაერთ განცხადებას უკვე მერამდენედ მოჰყვა უარი მეორე მხარიდან და ისინი აგრძელებენ ქუჩაში დგომას და ქუჩის ოპერაციას, რომელიც რეალურად, აძლევთ მათ ხელს და აახლოვებთ იმ ბოროტ მიზანთან, რაც ხელისუფლების ჩამოგდებას უკავშირდება.
თავისთავად, ის პატარა მცდელობებიც კი, როდესაც მეორე მხარეს რამდენიმე წარმომადგენელს ჰქონდა სურვილი, რომ ამ დისკუსიის ფორმატში შემოსულიყო, მათივე მხარდამჭერების მხრიდან ჩაიქოლა. ამიტომ უკვე აღარ გვეპარება ეჭვი და ვფიქრობ, საზოგადოება უკვე ბოლომდე დარწმუნდა, რომ არავის აწყობს არც დისკუსია, არც დიალოგი, არც მსჯელობა. არც არავის აინტერესებს თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღება იმიტომ, რომ არ არსებობს კითხვები – არ არსებობს კითხვა, საქართველომ შეიცვალა თუ არა რაიმე კურსი. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ურყევია.
სწორედ, ამიტომ არ სჭირდებათ მათ კითხვა-პასუხის რეჟიმი და არც პრემიერ-მინისტრის განმარტებები, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ეს კურსი არ შეცვლილა, თუმცა ფსევდოიდეალებს აპროტესტებენ ქუჩაში და საკუთარ ამომრჩეველსაც ხშირ შემთხვევაში, ატყუებენ რაღაც ეფემერული მიზნებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
საჯარო დისკუსიისთვის მზადყოფნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა.