ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, – „კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა liga2-online.de-ს მიერ გულშემატკივრებში ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა.
30 წლის ზივზივაძემ „რეგენსბურგთან“ გამარჯვებაში (4:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა. მართალია, პენალტი, რომელიც თავად მოიპოვა, ვერ გაიტანა, მაგრამ ორი გოლი მიითვალა და ყოველკვირეულ გამოკითხვაში ხმების 55 პროცენტი მიიღო.
ბუდუ ზივზივაძემ დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს – ფისნიკ ასლანმა („ელვერსბერგი“) მხოლოდ 18 პროცენტი მიიღო, ხოლო ტორგე პაეტოვმა („პრეისენ მიუნსტერი“) – 12 პროცენტი. ასევე დასახელდნენ კილიან კორედორი („დარმშტადტი 98“ – 10 პროცენტი), ფლორიან კასტენმაიერი („დიუსელდორფის ფორტუნა“ – 4 პროცენტი) და დემიონ დაუუნსი („კიოლნი“ – 1 პროცენტი).
საინტერესოა, რომ გულშემატკივრებისა და ანალიტიკოსების აზრი გაიყო – შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალებმა, WhoScored-მა და SofaScore-მა ქართველი თავდამსხმელი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც არ დაასახელეს, რაც მოულოდნელი იყო.