leaderboard_below_slide
left_sabechdi

“ლელოს” წევრი ლანა გალდავა პოლიციელებზე: ვიღაც ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ რაღაცას გესვრის, პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება გაქვს

“გვანახეთ ეს დაშავებული პოლიციელები”, – ასე უპასუხა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ლანა გალდავამ, საპროტესტო აქციებზე დაშავებული 150 პოლიციელის შესახებ დასმულ შეკითხვას გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

მისი თქმით, არ უნახავს დაშავებული პოლიციელები და არც ამის ამსახველი კადრები, მაშინ, როცა ყველა დაშავებული მომიტინგის მდგომარეობა იცის.

“ყველა ადამიანი, ვინც არის მომიტინგეები დაშავებული, საავადმყოფოებში ვაკითხავთ და ვიცით მათი მდგომარეობა და გვანახეთ ის მტკიცებულებები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მიტინგზე მდგომმა ხალხმა, დამიზნებით ვინმეს რამე დაუმიზნა – ნამდვილად არ მინახავს [დაშავებული პოლიციელები] და არც ეს კადრები ყოფილა” – განაცხადა გალდავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი სპეცრაზმელი გაეკიდება ადამიანს, მას “პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება” აქვს.

“450 ადამიანი არის დაშავებული. ადამიანებს, მათ შორის მეც რომ გამომეკიდოს კონკრეტული სპეცრაზმელი, მეც რომ დამარტყას, მეც მაქვს უფლება, რომ პროპორციული თავდაცვის მდგომარეობაში, მეც გამოვიყენო ჩემი ძალა, რისი შესაძლებლობაც მაქვს. როდესაც ადამიანი გირტყამს და ძალადობს, მით უმეტეს, ვიღაც ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მორბის და რაღაცას გესვრის, ამ შემთხვევაში, შენც პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება გაქვს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, გამოძიება იყოს გამჭვირვალე, დაიდოს შედეგები”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ასევე იხილეთ