leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, წერტილი უნდა დაესვას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება არანაირ სამართლებრივ ასპექტში არ ჯდება. მისივე თქმით, ეს ცრუ კამპანია უნდა დასრულდეს.

„სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა (უკრაინა) ამ კამპანიის ნაწილი ხდება და მათი მხრიდან არაერთი არაობიექტური განცხადება მოვისმინეთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ მაშინ, როდესაც დადასტურებულად აღიარებულია, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, იხდის სამართლიან სასჯელს არა ციხეში ამ ეტაპზე, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს დეზინფორმაციის კამპანია, დიდი ხანია წარმოებს და სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციის კამპანიას უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა, უერთდება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ, ჩვენი ქვეყანა, საზოგადოების ინტერესები ხდება თავდასხმის ობიექტი უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან.

ამ დეზინფორმაციულ კამპანიასაც წერტილი უნდა დაესვას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს სწორედ, იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებას, რომ ევროპიდან, უკრაინიდან და სხვა კონკრეტული ორგანიზაციებიდან მიღებული გზავნილებით შემდგომ ზურაბიშვილმა თავი იმართლოს, რატომ გახდა საჭირო სააკაშვილის შეწყალება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ 12 მარტს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: “დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება”. 

 

ასევე იხილეთ