leaderboard_below_slide
left_sabechdi

თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. სიტყვით მიმართვისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელოვან როლსა და ბრიგადის ისტორიაზე  ისაუბრა.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრიგადის შესაძლებლობები, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ავამაღლოთ თითოეული სამხედრო მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფის დონე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილის აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

ასევე იხილეთ