leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს უდავოდ აქვს გავლენა ქვეყანაში

“უნდა შევხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს და უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს უდავოდ აქვს გავლენა ქვეყანაში”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხად კითხვაზე, რატომ შეხვდა ის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და არა პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, თავმჯდომარე და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში, უნდა შევხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს, უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს და რა თქმა, უნდა ბიძინა ივანიშვილს, უდავოდ, აქვს გავლენა ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა საუბარი და ასევე, შედგა კომუნიკაცია ბატონ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო და ამიტომაც რახან მე აქ ვიყავი ფიზიკურად ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან.

ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ასეთ ძალიან მძიმე სიტუაციის დროს ქვეყანაში, ასეთი მძიმე კლიმატის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე თუ ვინ, რა პოზიციაზეა. სატელეფონო ზარის შესახებ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ყველასთვის ცნობილია და ახლა ჩემი ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა. როგორც გითხარით, შევხვდი ყველა აქტორს, ვისაც შეიძლება შევხვედრილიყავი ბოლო სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ასევე იხილეთ