ორმა ამერიკელმა სენატორმა კონგრესს წარუდგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ოლენმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა წარადგინეს „თურქეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქტი” იმ იმედით, რომ სანქციების საფრთხე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგებს”, – წერს სააგენტო.
ამასთან, სენატორები ამბობენ, ვაშინგტონმა უნდა იმუშაოს თურქეთთან დიპლომატიური გზით, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და დემილიტარიზებული ზონის ფორმირებას თურქეთსა და სირიას შორის.