გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას გამზირის მიმართულებით ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩისა და პირველი ჩიხის სრულ რეაბილიტაციას. ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.
„ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის, გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. უკვე სრულად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები და ბორდიურები, განახლდა გარეგანათება. გარკვეულ მონაკვეთებზე წელსვე დასრულდება სამუშაოები, მაისამდე კი, სრულად განხორციელდება გენ. ასლან აბაშიძის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალ წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
გარდა იმისა, რომ განხორციელდება არსებული ქუჩების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ასევე გათვალისწინებული გვაქვს ახალი ქუჩების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისათვის“, – აღნიშნა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.