leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთში, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, საპატიო ოზურგეთელები დაჯილდოვდნენ – საპატიო მოქალაქის სტატუსი ათ ადამიანს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ ათ გამორჩეულ ადამიანს მივანიჭეთ. მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 5 000 – 5 000 ლარი გადასცა. მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ღვაწლისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

წლევანდელი ნომინანტები გახდნენ:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის;

სერგო ზაქარიაძე – მეხანძრე-მაშველი. სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის; მის სახელს უკავშირდება არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე;

მიხეილ დარჩია – შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის საქმეში, გამორჩეული შრომისმოყვარეობის და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის;

ნონა კილაძე – ექიმი. თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული სამუშაოსთვის, მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის;

ამირან ჯანელიძე – „ბლექ სი არენას“ და ფილარმონიის სტრატეგიული განვითარებისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი მხარდაჭერით, ოზურგეთი მოინიშნა გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე. დაგეგმა და განახორციელა ციფრული მარკეტინგული კამპანია, რომელიც გასცდა საქართველოს საზღვრებს და მოიცვა ათამდე მეზობელი ქვეყნის აუდიტორია;

ომისხან (ომარ) ურუშაძე – ალ. წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. კლასიკური როლების უბადლო შესრულების და ხელოვნების სფეროში, მრავალწლიანი გამორჩეულო მოღვაწეობისთვის;

ანა კოხრეიძე – სოციალური მუშაკი, მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელი. ბავშვებზე ზრუნვასა და ბენეფიციარების რესოციალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ანა დედობას უწევს რვა ბენეფიციარს, გამოირჩევა საქმისადმი სიყვარულით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით;

მანანა ლომაძე – მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელი, ისტორიკოსი, მეცნიერი და ღირსების ორდენის მფლობელი. ძველი ოზურგეთის დაკარგული დღესასწაულის „ალეგრობა“ აღდგენა- გაცოცხლებისთვის;

რუსუდან ტაკიძე – ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მიღებული აქვს არაერთი სამადლობელო სიგელი და ჯილდო;

ამირან გირკელიძე – ოზურგეთის მერიის თანამშრომელი. საჯარო სექტორში მრავალწლიანი თავდაუზოგავი მუშაობისა და პროფესიონალიზმისთვის.

ასევე იხილეთ