leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიხლაძე: 33 წლის შემდეგ პროცესები ისევ რუსთაველზე ვითარდება, აქციებს სათავეში ისევ გარედან მართული ძალები უდგანან. საქართველოს ხელისუფლება ისევ სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს

33 წლის შემდეგ პროცესები ისევ რუსთაველზე ვითარდება, აქციებს სათავეში ისევ გარედან მართული ძალები უდგანან. საქართველოს ხელისუფლება ისევ სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს, – განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში ირაკლი ჩიხლაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თბილისში 33 წლის განვითარებული მოვლენები გაიხსენა და დღევანდელ ვითარებას შეადარა.

„ეს 33 წლის წინანდელი თბილისია. სწორედ ამ დღეს 1991 წლის 22 დეკემბერს, გარედან მართული ძალები ტყვიებს ესროდნენ სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხელისუფლებას და მის მომხრეებს – ტყვიებს ესროდნენ საქართველოს.

1991 წლის 22 დეკემბერს უზენაესი საბჭოს (დღევანდელი პარლამენტის) შენობაზე ოპოზიციის გასამხედროებული ფორმირებების შეტევით დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც შემდეგ ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებთან მეამბოხეების შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და რომელსაც მოგვიანებით „თბილისის ომო“ უწოდეს. გაგრძელდა 15 დღე, ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 115 ადამიანი.

33 წლის შემდეგ პროცესები ისევ რუსთაველზე ვითარდება, აქციებს სათავეში ისევ გარედან მართული ძალები უდგანან. საქართველოს ხელისუფლება ისევ სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს. დაახლოებით, ერთ საათში რუსთაველზე, სცენას ის ადამიანი დაიკავებს, რომელიც სამწუხაროდ, არა ქვეყნის, არამედ გარე ძალების სამსახურშია – ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მართალია, თავად ამბობს, რომ ტყუილია, მაგრამ მაშინ ვინ არის სალომე ქართველის ფსევდონიმით, რომელმაც თქვა „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუასა და მთელს ოპოზიციას – დიდი მადლობა“, – ეს ამონარიდია „ივერიის“ ფურცლებიდან და თარიღდება 1992 წლის 7 იანვრით.

დიდი სიფრთხილე გვმართებს – ნაცმაიდნის მოსურნეთა ლიდერები ისევ იმ სულისკვეთების ადამიანები არიან, ვინც ტყუილებითა და დემოკრატიის სახელით ერთხელ უკვე ძმას ძმა მოაკვლევინეს. ქვეყანა ჩამოშალეს და გარე გავლენებს დაუქვემდებარეს. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა ისტორია ვერ განმეორდება – დღეს ქართული სახელმწიფო როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია.

სისხლიანი სცენარი უკვე ჩავარდა – ვიცი, ეს რადიკალებისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ფაქტია და ეს უნდა იცოდეთ. საჯაროდ გამოქვეყნებულ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშიც კი, დრამატული ჩანაწერია. ადამიანების სიკვდილსა და მსხვერპლზეა საუბარი.

მძიმე სცენარის გასაჯაროების ფონზე არა თუ უკან იხევენ, პირიქით, შეტევაზე გადადიან. NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი სუვერენული ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ემუქრება და ეუბნება, რომ ,,თქვენი დღეები დათვლილია“.

ფაქტია, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია“, – განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

მაყურებელმა აქვე საბა ხვიჩიას სპეციალური რეპორტაჟი ნახა, რომელშიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშებში გაწერილი სცენარის შესრულებული და ვერ შესრულებული პუნქტები, ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ გადაკვეთილი წითელი ხაზებია მიმოხილული.

ასევე იხილეთ