ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე „ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა“ განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკთან ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.