სოზარ სუბარი დონალდ ტრამპზე: deep state-ის ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის გეგმებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აშშ-ში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროსაც ებრძოდა, თუმცა მან ეს ბრძოლა წააგო.
სოზარ სუბარის თქმით, ამ გამარჯვებით ტრამპი და მისი გუნდი განსაკუთრებით მიუდგნენ deep state-ის საკითხს და ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს გამოუცხადა ბრძოლა, თუმცა მაშინ, ის პრაქტიკულად დამარცხდა. მთელი ოთხი წელი მან ისე გაატარა, რომ ერთი იმპიჩმენტის პროცედურიდან მეორე იმპიჩმენტის პროცედურაზე გადადიოდა და ვერ მოიცალა იმისთვის, რომ მიეხედა ამ არარჩეული ადამიანების მმართველობისთვის, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამერიკის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. ახლა, ამ გამარჯვებით, ის განსაკუთრებით მტკიცედ მიუდგა ამ საკითხს და მისი გუნდის წევრებიც ერთხმად აცხადებენ, რომ deep state-ის დამარცხება ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.