გურამ მაჭარაშვილი: ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ შეეხო ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დადებულ დასკვნას.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, იყო ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან გაგრძელდება თანამშრომლობა.
„ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან იქნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რომელიც მალევე დასრულდებოდა და ასეც მოხდა. ვნახეთ, რომ არჩევნების დღეს, ასევე მეორე დღეს გამოვიდნენ უცხოელი დამკვირვებლები და არჩევნები შეაფასეს მცირედი ხარვეზებით, მაგრამ მაინც პოზიტიურად, დაიწერა ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა, სადაც ითქვა, რომ იყო მცირედი ხარვეზები, თუმცა არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში.
მსურს შეგახსენო, რომ ეუთო/ოდირი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, მაღალი ხარისხით აფასებს არჩევნებს. ამ ორგანიზაციამ 20 დეკემბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დადო საბოლოო დასკვნა, სადაც წერია, რომ ეუთო/ოდირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის. ანუ ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.
რაც შეხება ეუთო/ოდირის კრიტიკას, შევახსენებ საზოგადოებას ამ ორგანიზაციის დასკვნას არამხოლოდ 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, სადაც მკაცრი არის შეფასებული კომისიის წევრების ფიზიკურ ბულინგი და სხვა, ასევე ორი წლის წინ ასევე ამერიკაში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნებზე დასკვნა, სადაც ასევე საუბარი იყო კომისიის წევრებზე ზეწოლაზე, დაშინებაზე და სხვა. და რაც მთავარია ასეთი, არაფერი ჩვენ შესახებ დაწერილ დასკვნაში არ წერია.
ჩვენ კარგად ვხედავთ დემოკრატია სად, როგორც მუშაობს. ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში გაკეთებული ჩანაწერი – საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, რაც შეეხება ხარვეზებს, მის გამოსწორებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან გაგრძელდება თანამშრომლობა, “ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.