leaderboard_below_slide
left_sabechdi

საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დასახელდა, ახალ მინისტრთა კაბინეტში ყოფილი პრემიერ-მინისტრები მანუელ ვალსი და ელიზაბეთ ბორნი იქნებიან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ახალი კაბინეტის შემადგენლობა დასახელდა. ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისმა ახალი მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა კაბინეტს ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა.

ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიერ დაკომპლექტებული მთავრობა მოიცავს როგორც კონსერვატორებს, ასევე ცენტრისტული და მემარცხენე წრეების წარმომადგენლებს.

ახალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს ბანკირი ერიკ ლომბარი დაიკავებს.

ხისტი მემარჯვენე ბრუნო რეტაიო რჩება შინაგან საქმეთა მინისტრად. სებასტიან ლეკორნუ, რომელიც უკრაინისთვის საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერის წინა ხაზზე იყო, თავდაცვის მინისტრად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრად დარჩება ჟან-ნოელ ბარო, რომელმაც ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში ბევრი იმოგზაურა.

ახალ მთაბრობაში არის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მანუელ ვალსი იქნება ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ელიზაბეთ ბორნი განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.​​​​​​​​​​​​​​​​

როგორც ფრანგული მედია წერს, ახალ მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, მოუწევს 2025 წლის ბიუჯეტეზე მუშაობა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ამჟამად არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა. ამის გამო საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია. ექსპერტების აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად წარდგენილ ბაირუს პოლიტიკურმა გამოცდილებამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენას.

ასევე იხილეთ