გიორგი ტყემალაძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენი ქალაქი კი განვითარებას გააგრძელებს
„ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანგარიშით წარდგა.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის პირობებშიც მიღწეულია აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, კურსის ცვლილების ბრალდება ისმის.
„ევროინტეგრაციის მიმართულებით უპირობოდ ვლიდერობთ აბსოლუტურად ყველა რეიტინგით. აქ ყველანი საჯარო მოხელეები ვართ, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება, ამიტომაც ბრალდებებს ვერ მივიღებთ. ვერავინ გვათქმევინებს უარს ჩვენს ტრადიციებზე, ისევე როგორც ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
„ეს უპრეცედენტო და დიდი მხარდაჭერა იყო. ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი ქალაქი გააგრძელებს იმ განვითარებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც დედაქალაქის მერია 2017 წელს დასახული პრიორიტეტების ერთგული რჩება, რისი დასტურიც 2025 წლის ბიუჯეტია.
„2017 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 815 მლნ იყო, დღეს კი 2 მილიარდს ასცდა. ბიუჯეტის ზრდას ძალიან დიდი სამუშაო უძღვის წინ, ეს მექანიკურად და მარტივად არ ხდება. სწორმა დაგეგმვამ და სწორმა პრიორიტეტებმა, სწორად განხორციელებულმა მენეჯმენტმა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქალაქში, მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დღეს სულ სხვა მასშტაბებზე ვსაუბრობთ.
რაც რვა წლის წინ შეუძლებლად ჩანდა, დღეს კი უკვე რეალობაა აბსოლუტურად განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რეაბილიტირებული გამზირები და მრავალი სხვა. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქალაქი, ამას კი დიდი შრომა და კარგი მენეჯმენტი სჭირდებოდა.
2025 წელი ასევე იქნება დატვირთული პროექტებით. მიხარია, ამ პროცესის მონაწილე რომ ვარ. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებსაც ჰქონდათ შანსი მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველთვის ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ისინი არასოდეს იღებდნენ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესს ისტორია შეაფასებს. ჩვენი ქალაქის განვითარება კი გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.