ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა საჭიროებებზე და ოზურგეთის განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 43.4 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.6 მილიონი ლარით აღემატება
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის – მუნიციპალიტეტის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ორიენტირებულია ოზურგეთის შემდგომ განვითარებაზე. არსებული რესურსების გათვალისწინებით, დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტები მაქსიმალურად პასუხობს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.
„გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად მორგებულია მოქალაქეების საჭიროებებზე და ჩვენს მიერ წარდგენილი ოზურგეთის განვითარების 8-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. გაზრდილი ბიუჯეტით შევეცდებით ინფრასტრუქტურული განახლების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალური პრობლემების გადაჭრას, სპორტული და რეკრეაციული პროექტების დაფინანსებას, გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას, სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ამ ამოცანების შესრულების მიზნით, აქვთ კარგი თანამშრომლობა და კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა მომდევნო პერიოდში დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ფონდებიდან.
მისივე თქმით, ხელშესახები შედეგები არის და გარდა ადგილობრივ ბიუჯეტში ფონდებიდან ჩარიცხული თანხებისა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-მშენებლობისათვის არაერთი სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების დაწყება გახდა შესაძლებელი.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესრულებას ჩვენი გუნდი მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება. დაგპირდით და პირობა შევასრულეთ – როგორც წინა წლებში, ისე 2025 წლისთვისაც, ჩვენ შევძელით მეტი დაფინანსების მოზიდვა ოზურგეთისთვის. ძლიერი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საწყის ბიუჯეტთან (27 814 000 ლარი) შედარებით 2025 წლის ბიუჯეტის საწყისი ოდენობა 57.5%-ით გავზარდეთ, რაც თითქმის 16 მილიონი ლარით მეტია; თუმცა ეს ყველაფერი არ არის – რადგან 2024 წელს ოზურგეთის ბიუჯეტის საბოლოოდ დაზუსტებულმა ოდენობამ 81 000 000 ლარს გადააჭარბა, რამაც საშუალება მოგვცა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაგვეწყო და შეგვესრულებინა. მათ შორის: შევძელით რამდენიმე ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და სოციალური დახმარების მიწოდება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; დავაგეთ ახალი გზები, აღვადგინეთ ხიდები და ვაგრძელებთ წყალმომარაგების სისტემის განახლების მასშტაბურ სამუშაოებს არაერთ ლოკაციაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით; განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ავაშენეთ საფეხბურთო მოედნები, დავასრულეთ ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა; ჩავატარეთ მასშტაბური კულტურული და გასართობი ღონისძიებები, რომელსაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და სტუმარი ესწრებოდა. არაერთ ადგილას ავაშენეთ ახალი სკვერები და გავაკეთეთ არსებულის განახლება. მოხდა ქალაქში არსებული პარკების სრული რეაბილიტაცია. განვახორციელეთ და ვაგრძელებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 450-ზე მეტ ოჯახს აღმოვუჩინეთ ფინანსური დახმარება ახალი საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთან აქტიური, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა. როგორც წინა წლებში – ახლაც, მათ ზურგი შეაქციეს საზოგადოებას, მოქალაქეების საჭიროებებს და ოზურგეთელების წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს – რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტმა უნდა გადაჭრას.
„ისინი საკუთარ მუნიციპალიტეტს – ოზურგეთს უდგანან ოპოზიციაში და განაგრძობენ დესტრუქციულ საქმიანობას ოზურგეთის განვითარების წინააღმდეგ. მათი ქცევა ეწინააღმდეგება დემოკრატიის წესებს, ვინაიდან საკუთარ ფუნქციაზე – ოპონირებაზე და დისკუსიაში მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიასთან შეუთავსებელია“, – დასძინა მან.