leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: 2025 იქნება ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარს შეადგენს.

„გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაბამისად ვუპასუხოთ მათ. მზად ვართ, ღირსეულად ვემსახუროთ თბილისს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად დავძლიოთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარია. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მერად ამირჩია, 2018 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 800 მილიონ ლარზე მეტი იყო. 2025 წლის ბიუჯეტიც მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს, დაამშვენებს და კომფორტულს გახდის. მომავალ წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს დაეთმობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას, რაც გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას, ყოველწლიურად მეტი გაკეთდეს ამ ქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის. მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს. 2025 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მეტად კეთილმოწყობილი სივრცეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც განსაკუთრებით დასჭირდება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა.

მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ქალაქს, თბილისის მთავრობას და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს  ამ საქმიანობაში. შეიძლება ყოველდღიურად მე უფრო მეტად ვჩანვარ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს უკან 32 000-მდე ადამიანი დგას, ვინც დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს ერთგულად ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ