მამუკა მდინარაძე: გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, ხვალვე მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები
„ძალიან ბევრია ასევე არარსებული კომპანიები. თუ გინდათ დაინტერესდით და მოგიწოდებთ დაინტერესდეთ, რეალურად ფურცლის იქით რამდენი კომპანია არსებობს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით.
„იქ იყო რამდენიმე ცოტა მსხვილი კომპანია, ერთ თუ ორი იყო მსხვილი, შემდეგ პატარ-პატარა კომპანიები. ძალიან ბევრია ასევე არარსებული კომპანიები. თუ გინდათ დაინტერესდით და მოგიწოდებთ დაინტერესდეთ, რეალურად ფურცლის იქით რამდენი კომპანია არსებობს. გნებავთ ხვალვე მოგაწვდით იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე [ინფორმაციას], რომლებიც რუსეთში ვაჭრობენ და გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები. ძირითადი შემოსავალი იქიდან აქვთ. ის ხალხი, რომლებიც გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან, ვაჭრობენ რუსეთში“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამ საკითხზე საუბრის დროს მან კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს რეალურად ის განცხადება, რომელიც პრემიერმა კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა.
„თვითონ ევროკავშირი გეუბნება, რომ 2030 წლამდე გაფართოება გამორიცხულია. პრაქტიკა გეუბნება, რომ 2 წელია ყველაზე პრაგმატული მოლაპარაკებების დრო. უფრო წინ მიდიხარ შენ და 2 წელი, მოკლე პერიოდი გყოფნის მაშინ, როცა რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული გაქვს. ეს მოცემულობები ხომ გვაქვს და ჩვენ ვამბობთ, რომ 90% შესრულებული გვექნება 2028-ში და ავდგები და მოგმართავ. მანამდე ვიცი, რომ არსებობენ ძალები, რომლებმაც იარაღად უნდა გამოიყენონ ეს, რომ შეგნებულად არ გაგვიხსნან მოლაპარაკებები, ამით იყოს დიდი ტურბულენტობები ქვეყანაში, რომ ეროვნული ხელისუფლება მოიშორო და შენი აგენტი მოიყვანო. ამის საშუალებას არ მოგცემ და ამის გაგებაა რთული? შენ მეუბნები, რომ კი რეკომენდაციები 90% შესრულებული უნდა გქონდეს, კი პრაგმატული დრო მოლაპარაკებების ეს არის, კი 2030 წლამდე ვერ მიგიღებ, დახურულია ყველასთვის, მაგრამ მაინც, როგორ იკადრე და არ თქვი, რომ შეგეხვეწები? ხომ დადასტურდა, რომ ეს იარაღად უნდოდათ, რა ამბავი ატყდა, რატომ ატყდა ამხელა ამბავი? ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონზე დადასტურდა, რომ ეს მათთვის მტკივნეული თემა იყო. რა რუსული, რის რუსული კანონი, არაფერი არ ემთხვეოდა რუსული იგივე სფეროს მარეგულირებელ ნორმებს. ევროკავშირმა გააჩერა ანალოგიური კანონის განხილვა და გაეპარა ვიღაც ტოპტვინს განმარტებითი ბარათის დაწერის დროს, რომ საქართველოს ვეღარ გავაკრიტიკებთო. ევროკავშირის მასშტაბით გაჩერდა რაღაცის განხილვა, რადგან საქართველოს ვეღარ დაამუნათებდნენ. ეს მარტივი ამბავია? შესაბამისად, ყველა უნდა დაფიქრდეს, რას და ვის ემსახურება – ჩვენ, ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით“, – აცხადებს მდინარაძე.