მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: მარაზმული ლოგიკაა, რომ საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი თუ არ იქნება თავისუფლებაში, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური
“მარაზმული ლოგიკაა, რომ საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი თუ არ იქნება თავისუფლებაში, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, “- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ ლოგიკის განვითარებას არავის ურჩევს.
„საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი რომელიღაც პიროვნება თუ არ იქნება თავისუფლებაში, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური – რა ლოგიკაა ახლა ეს? ეს არის მარტივი პასუხი; მეორე, უსასტიკესი დამნაშავე, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი, იმ დანაშაულების გამო, რაც დაუმტკიცდა, თუ ციხეში იჯდება, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური – ან ეს რა ლოგიკაა? ერთიც და მეორეც არის მარაზმული ლოგიკა და ამ ლოგიკის განვითარებას არავის ვურჩევდი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა ეს კომენტარი გიგი უგულავას განცხადების პასუხად გააკეთა. კერძოდ, უგულავამ თქვა, რომ „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა“. „და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“, – აღნიშნა უგულავამ.