ამერიკის პრეზიდენტებისთვის არ არსებობს არავითარი მოთხოვნა განათლებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ უმრავლესობას უნივერსიტეტის ხარისხი აქვს. აშშ-ის მიმავალი პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, საბაკალავრო საფეხურზე დელავერის უნივერსიტეტში სწავლობდა. მან იურიდიული სკოლა დაამთავრა და იურიდიული ხარისხი სირაკუზის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში მიიღო.
მაგრამ აშშ-ის ზოგიერთ უდიდეს პრეზიდენტს არასდროს უსწავლია იურიდიულ სკოლაში და არც უნივერსიტეტი დაუმთავრებია. კოლეჯის ხარისხის ნაცვლად, მათ გამოცდილება მძიმე შრომის შედეგად მიიღეს.
ოდესმე გიფიქრიათ, აშშ-ის რომელი პრეზიდენტი არ დადიოდა სკოლაში? ქვემოთ მოცემული პრეზიდენტების სია ადასტურებს, რომ წარმატებისთვის კოლეჯის განათლება საჭირო არ არის.
- ენდრიუ ჯონსონი (1865-1869)
ენდრიუ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელსაც არასდროს უსწავლია სკოლაში და არც კოლეჯის ხარისხი ჰქონია. ის გაუნათლებელი ოჯახიდან იყო, მისი მშობლებიდან წერა-კითხვა არცერთმა არ იცოდა. ჯონსონმა განათლება ძირითადად მუშაობითა და მეგობრების დახმარებით მიიღო.
ათი წლის ასაკში ის თერძს შეგირდად მიაბარეს, სადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას წერა-კითხვა ასწავლა. ამ გამოცდილებამ, ბიოგრაფ ანეტ გორდონ-რიდის მიხედვით, ჯონსონს სიტყვით გამოსვლის უნარები განუვითარა.
17 წლის ასაკში ჯონსონმა საკუთარი მაღაზია გახსნა გრინვილში, ტენესის შტატში. მისი ცოლი, ელიზა მაკარდლი ჯონსონს სამ სასკოლო საგანში ეხმარებოდა:
- კითხვაში
- გრამატიკაში
- მათემატიკაში
მიუხედავად არატრადიციული განათლებისა, ჯონსონი 1865 წლის 4 მარტს, აბრაამ ლინკოლნის მეორე ვადის დროს, ამერიკის ვიცეპრეზიდენტი გახდა. ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, 1865 წლის 15 აპრილს კი აშშ-ის მე-17 პრეზიდენტად გამოცხადდა. ფორმალური განათლების ნაკლებობა მას სრულიად უნიკალურს ხდის აშშ-ის პრეზიდენტებს შორის.
- ზაქარი ტეილორი (1849-1850)
ზაქარი ტეილორი ათიდან კიდევ ერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხი არ აქვს. ის კენტუკიში, ოჰაიოს მდინარეზე გაიზარდა. მისი მშობლები პლანტატორები იყვნენ და მცირე განათლება ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტეილორი სწრაფად სწავლობდა, მის საცხოვრებელ ტერიტორიაზე ფორმალური სკოლები არ არსებობდა. ტეილორის ადრეული ხელწერა „თითქმის გაუნათლებლისა“ იყო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, პრეზიდენტი გამხდარიყო. მან წარმატებას კოლეჯის ხარისხის გარეშე მიაღწია.
1808 წლის 3 მაისს, ტეილორი არმიას პირველი ლეიტენანტის წოდებით შეუერთდა.
მომდევნო 40 წლის განმავლობაში ის კარიერული ოფიცერი იყო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობდა ისეთ ომებში, როგორებიცაა:
- 1812 წლის ომი
- 1832 წლის ომი
- მეორე სემინოლური ომი (1835-1842)
- მექსიკა-ამერიკის ომი (1846)
სამხედრო წარმატებამ ტეილორს 1846 წელს გენერალ-მაიორის სტატუსი მოუტანა.
ვიგების პარტიამ დაარწმუნა იგი, რომ პრეზიდენტობისთვის ეყარა კენჭი. მოსახლეობამ აირჩია ტეილორი, რადგან იგი ეროვნული გმირი იყო. მან თანამდებობა 1849 წლის 4 მარტს დაიკავა, მაგრამ მისი საპრეზიდენტო ვადა მალე დასრულდა, რადგან ტეილორი 1850 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტებმა მიზეზად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება დაასახელეს, თუმცა გავრცელდა ჭორები მისი მოწამვლის შესახებ.
- მილარდ ფილმორი (1850-1853)
მილარდ ფილმორი ტეილორის ვიცეპრეზიდენტი იყო, ხოლო ტეილორის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი გახდა. მას არასდროს უსწავლია სკოლაში, საუკეთესო შემთხვევაში მისი განათლება დაწყებითი საფეხურით შეიძლება შემოიფარგლოს.
ბავშვობაში მამის ფერმაში მუშაობდა. 14 წლის ასაკში ქსოვილის მწარმოებლის შეგირდი გახდა ნიუ იორკში, მალე კი იგივე პოზიცია ნიუ ჰოუპში მიიღო.
დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, ფილმორმა სწავლა დაიწყო ნიუ ჰოუპის აკადემიაში, სადაც ექვსი თვე დაყო. მალე მან ქსოვილის წარმოება მიატოვა და მუშაობა დაიწყო ადგილობრივ მოსამართლესთან, რომელმაც მას სამართალი შეასწავლა.
მოგვიანებით ფილმორი ბუფალოში გადავიდა, რათა სწავლა იურისტის ოფისში გაეგრძელებინა. 1823 წელს ადვოკატი გახდა, 1834 წელს კი საკუთარი ფირმა გახსნა. ფირმა (Fillmore, Hall and Haven) ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი იყო.
ფორმალური განათლების ნაკლებობის მიუხედავად, ფილმორმა ბუფალოს უნივერსიტეტი დააარსა.
თავისი ცხოვრების განმავლობაში ის ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი იყო:
- ანტიმასონური (1828-1832)
- ვიგები (1832-1855)
- Know Nothing (1855-1856)
- დემოკრატიული (1857-1874)
- ჯეიმზ მონრო (1817-1825)
ჯეიმზ მონრო ნამდვილად არ არის ის პრეზიდენტი, რომელსაც სკოლაში არ უვლია. მართალია მას ფორმალური განათლება მიღებული ჰქონდა, მაგრამ კოლეჯი არ დაუმთავრებია.
მის განათლებაზე პასუხისმგებლობა დედამ, ელისაბედმა აიღო, რომელიც შინ ასწავლიდა. როცა მონროს 11 წელი შეუსრულდა, სწავლა კემპბელტაუნის აკადემიაში განაგრძო. ბავშვობაში ორ საგანში გამოირჩეოდა: მათემატიკასა და ლათინურში.
1774 წელს მან სწავლა დაიწყო უილიამ და მერის კოლეჯში. იქ მონრო რევოლუციურ საქმიანობაში ჩაერთო და კოლეჯი 1775 წელს მიატოვა, რათა კონტინენტური არმიის ოფიცრად ემსახურა. მონროს უნივერსიტეტი არ დაუსრულებია, მაგრამ მისი რევოლუციური საქმიანობა გაგრძელდა.
იმავე წლის ივნისში, მონრო და მისი უფროსი თანამოაზრეები გუბერნატორის სასახლეში შეიჭრნენ. ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლების შემდეგ, მათ 200 მუშკეტი და 300 ხმალი მოიპარეს, რომლებიც ადგილობრივ სარეზერვო ჯარს გადასცეს.
1780 წელს, მონრომ, თომას ჯეფერსონის ხელმძღვანელობით, სამართლის შესწავლა დაიწყო. მას იმედი ჰქონდა, რომ იურიდიული განათლება პოლიტიკური კარიერის შექმნაში დაეხმარებოდა.
და მართლაც, 1817 წლის 4 მარტს, მონრო აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტი გახდა და ამ ყველაფერს მან იურიდიული სკოლის დამთავრების გარეშე მიაღწია.
- ენდრიუ ჯექსონი (1829-1837)
ენდრიუ ჯექსონისთვის კოლეჯი დიდად ხელმისაწვდომი არ ყოფილა. 15 წლის ასაკში ის ობოლი და ამავდროულად, ამერიკის რევოლუციური ომის ვეტერანი იყო.
ბრიტანელებმა იგი ტყვედ აიყვანეს და გარდა ამისა, ორი ძმაც დაკარგა.
ომის გამო, მისი მთავარი საზრუნავი სკოლა არ ყოფილა. მაგრამ ომის დასრულების შემდეგ, რთული დასაწყისის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც განათლების მიღება გადაწყვიტა. იგი სალისბერიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამართლის შესასწავლად გადავიდა და 1787 წელს იურიდიული გამოცდაც ჩააბარა.
იმავე წელს სოფლის ადვოკატი გახდა, 1788 წელს კი ნეშვილის ქალაქში გადავიდა. აქ მან იურისტად მუშაობა დაიწყო და ადგილობრივ პოლიტიკაში ჩაერთო. ჯექსონი შტატის პირველი კონგრესმენი და მოგვიანებით სენატორიც გახდა.
1801 წელს ჯექსონი ტენესის რეზერვისტების ჯარის მეთაური გახდა და მრავალი გამარჯვებაც მოიპოვა. ამ გამარჯვებების საფუძველზე იგი 1812 წელს ეროვნულ გმირად გამოცხადდა.
მიღებული აქვს ჯილდოები:
- კონგრესის ოქროს მედალი
- კონგრესის მადლობა
1829 წლის 4 მარტს, ფიცის დადების შემდეგ, ჯექსონი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
- გროვერ კლივლენდი (1885-1897)
რომელი პრეზიდენტი არ დადიოდა სკოლაში ან კოლეჯში? როგორც ეს სია აჩვენებს, ასეთი ბევრია და გროვერ კლივლენდი ერთ-ერთი მათგანია. აქ ჩამოთვლილი სხვა პრეზიდენტების მსგავსად, მას კოლეჯის ხარისხი არ ჰქონია.
კლივლენდი გაიზარდა ფაიეტვილში, ნიუ იორკში. აქ ის სკოლაში 16 წლამდე სწავლობდა. მამის გარდაცვალებამ აიძულა დაეტოვებინა სკოლა და ოჯახი ერჩინა.
გროვერის ძმამ მას ნიუ იორკის უსინათლოთა ინსტიტუტში მასწავლებლად დააწყებინა მუშაობა, მაგრამ კლივლენდი ამ სამუშაოზე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დარჩა. მალე ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა მას კოლეჯში სწავლის დაფინანსება შესთავაზა, თუ იგი ეკლესიის მსახური გახდებოდა. კლივლენდმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე და ბუფალოსკენ გაემართა.
აქ ბიძამ ის კლერკად დაასაქმა. ამ პოზიციის წყალობით კლივლენდი ბევრ გავლენიან ფიგურას შეხვდა. მალე დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმაში Rogers, Bowen, and Rogers.
1859 წელს იურიდიული ფირმა დაეხმარა მას ადვოკატთა გამოცდის ჩაბარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯის განათლება არ ჰქონია, კლივლენდის პოლიტიკური კარიერა მაინც ვითარდებოდა. ის ბუფალოს მერი გახდა, მსახურობდა ნიუ იორკის 31-ე გუბერნატორადაც.
სხვა საპრეზიდენტო ფიგურებისგან განსხვავებით, იგი იშვიათად მოგზაურობდა ან კითხულობდა. მაგრამ საკუთარმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ იგი 1885 წელს პრეზიდენტობამდე მიიყვანა.
კლივლენდი რჩება ერთადერთ პრეზიდენტად, რომელმაც ზედიზედ ორი ვადით იმსახურა.
- უილიამ ჰენრი ჰარისონი (1841)
უილიამ ჰენრი ჰარისონი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოჯახიდან იყო. იგი ვირჯინიაში იზრდებოდა და რამდენიმე სასწავლებელში ლათინურს და ფრანგულს სწავლობდა. 18 წლის ასაკში პენსილვანიის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მაგრამ ჰარისონს არ სიამოვნებდა სწავლა, ამიტომ მამის გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა. იმის გამო, რომ მამის სიკვდილმა კოლეჯის სახსრების გარეშე დატოვა, ჰარისონი აშშ-ის არმიას შეუერთდა.
ჯარში შვიდი წელი დაყო. შემდეგ კი პოლიტიკური კარიერა წამოიწყო და 1801 წელს ინდიანას გუბერნატორი გახდა.
1841 წლის 3 მარტს იგი აშშ-ის მეცხრე პრეზიდენტად გამოცხადდა.
ჰარისონი აშშ-ის საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადითაა ცნობილი. იგი ინაუგურაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. სახელდება გარდაცვალების ორი მიზეზი:
- პნევმონია
- სეპტიცემია
- ჯორჯ ვაშინგტონი (1789-1797)
ჯორჯ ვაშინგტონი კიდევ ერთი პასუხია შეკითხვაზე − „დაასახელეთ ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც სკოლაში არ უსწავლია“.
ვაშინგტონმა ბავშვობა ვირჯინიაში გაატარა. რამდენიმე რეპეტიტორისგან სწავლობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანგლიკანური სასულიერო პირების მიერ მართულ სკოლაშიც დადიოდა. 11 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რომელმაც ძალიან ცოტა ფული დაუტოვა. ამან ხელი შეუშალა ძმების მსგავსად ინგლისში Appleby School-ში ესწავლა.
თუმცა, ვაშინგტონი თავად სწავლობდა, ბევრს კითხულობდა და იკვლევდა. მის განვითარებას ხელი შეუწყო ჯორჯის ნახევარძმამ, ლოურენსმა, და ფაიერფაქსის ოჯახმა.
ლოურენსმა შეიყვანა ვაშინგტონი ვირჯინიის მაღალ საზოგადოებაში, ფაიერფაქსის ოჯახმა კი მას მათემატიკა და მეცნიერება ასწავლა.
ვაშინგტონი საკუთარ წარმატებაში დედის წვლილზეც საუბრობდა და ამბობდა: „ყველაფერი, რასაც მივაღწიე, დედაჩემის დამსახურებაა“.
1789 წელს ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა.
- აბრაამ ლინკოლნი (1861-1865)
აბრაამ ლინკოლნი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტია, რომელსაც კოლეჯის დიპლომი არ ჰქონია. ადრეულ ასაკში მან მცირე აკადემიური მომზადება მიიღო. 18 წლის ასაკში „წერა, კითხვა და გამრავლება“ შეეძლო. მაგრამ მისი შეზღუდული ფორმალური განათლება ბევრს არაფერს ნიშნავდა.
მიუხედავად ამისა, ლინკოლნი ამბიციური მოსწავლე იყო. იგი ნებისმიერ წიგნს კითხულობდა, რაც კი ხელში ჩაუვარდებოდა, მათ შორის სამართლის წიგნებსაც. თუმცა, მას არც ბაკალავრის ხარისხი ჰქონია და არც იურიდიულ სკოლაში უსწავლია. თვითგანათლებამ და შრომამ იგი პრაქტიკოს ადვოკატად აქცია.
აბრაამ ლინკოლნმა რვა წელი გაატარა ილინოისის საკანონმდებლო ორგანოში და მუდმივად მოგზაურობდა სასამართლო დარბაზიდან სასამართლო დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფორმალური განათლება ჰქონია და არც იურიდიული ხარისხი, ლინკოლნი სწავლას კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ლინკოლნის ერთ-ერთი იურიდიული პარტნიორი მის ამბიციას აღწერდა, როგორც „პატარა ძრავას, რომელიც არასდროს ისვენებს“. სწორედ ამ ამბიციამ მიიყვანა იგი პრეზიდენტობამდე.
- ჰარი ტრუმენი (1945-1953)
ტრუმენს, სხვა პრეზიდენტების მსგავსად, არ ჰქონია კოლეჯის ხარისხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი განათლებას არ აფასებდა.
ბავშვობაში ტრუმენს სამი რამ მოსწონდა:
- ისტორია
- პიანინო
- კითხვა
1901 წელს მან „ინდეფენდენსის“ საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სპალდინგის კოლეჯში გამოცდები ბიზნესის განხრით ჩააბარა, მაგრამ კოლეჯი ერთი სემესტრის შემდეგ მიატოვა. მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ ოჯახს მისი განათლების დაფინანსება არ შეეძლო.
1923 წელს გამოცდები მან მეორედ ჩააბარა, ამჯერად კანზას სიტის სამართლის სკოლაში, თუმცა 1925 წელს სამსახურის დაკარგვის შემდეგ, სკოლა ისევ მიატოვა.
კოლეჯთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ტრუმენი 1934 წელს აშშ-ის სენატორი გახდა, 1945 წლის 20 იანვარს კი რუზველტის ვიცეპრეზიდენტი.
სამი თვის შემდეგ, რუზველტის მოულოდნელი გარდაცვალების შედეგად, ტრუმენი აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი გახდა. იგი თანამდებობაზე 1953 წლის 20 იანვრამდე დარჩა.
ტრუმენი აშშ-ის ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც არასდროს მიუღია იურიდიული ან თუნდაც ბაკალავრის ხარისხი. მაგრამ იგი აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას. „ცოდნა არ არის მხოლოდ ძალაუფლების გასაღები. ეს არის ადამიანის თავისუფლების ციტადელი“, − ამბობდა იგი.