leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისაც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი მიუძღვის.

„ისტორიაში პირველად, 30 წლის თავზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე. 1994 წელს ჩატარდა პირველი ოფიციალური შესარჩევი მატჩი და ზუსტად 30 წლის თავზე პირველად შევძელით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, ჩვენს ბიჭებს, ვილი სანიოლს და ფეხბურთის ფედერაციას, რომლებმაც საკუთარი შრომით და თავდადებით შექმნეს ძალიან დიდი წარმატება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ცალკე აღნიშნა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება, რომელმაც პირველად დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ასევე ხაზი გაუსვა ქალთა ფეხბურთში არსებულ მიღწევებს.

ირაკლი კობახიძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ფედერაციის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს და მწვრთნელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„დღეს ქართული ფეხბურთი განვითარების სრულიად სხვა დონეზეა. ამას განაპირობებს ის, რომ ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ და საუკეთესოდ ესმით ქართული ფეხბურთი. რომ არა ეს სიყვარული ფეხბურთის მიმართ და ამ ადამიანების კომპეტენცია, ამხელა წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება ფეხბურთის წარმატებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი მიღწევების სპორტს დიდი ყურადღება დაეთმობა.

„გვაქვს კონკრეტული პროექტებიც, როგორიცაა მაგალითად ახალი სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, თამაშებს, მათ შორის ტურნირებს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ. ასეთი პროექტებიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყანაში სპორტის განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიება GFF Awards 2024-ზე 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596…

ასევე იხილეთ