საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა, ჟურნალისტთა ფედერაციის პრეს–კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– 2024 წელი ნამდვილად იყო პოლიტიკურად რთული წელი, რომელიც სრულდება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებით. ჩვენ აწმყოში ცოტა გვიჭირს, გავაანალიზოთ და გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ბრძოლას იგებს ქართული სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, რომ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს გადის ჩვენი ქვეყანა, რომელმაც გაუძლო უდიდეს რყევებსა და შემოტევებს. მთელი ეს პროცესი იყო დიდი ტყუილი და პოლიტიკური ფარისევლობა. პროცესი, რომელიც შეფუთული იყო ევროინტეგრაციის თემით, სინამდვილეში კი ეს იყო საქართველოს ომში ჩართვის დაჟინებული ინტერესი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არ მოტყუვდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აკრძალული მეთოდით ხდებოდა იძულება, რომ ჩვენ დავმდგარიყავით იმ გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანდა ფიზიკურ განადგურებამდე, სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცნო ეს გზა, რომელიც უკვე გავლილი გვქონდა 2008 წელს, ვგულისხმობ აგვისტოს ომს. თებერვალში გახდება 3 წელიწადი, რაც ვუყურებთ უკრაინას, რომელიც სწორედ ამ გზით ატარეს და შემდეგ ხრამში გადაჩეხეს. ამ გამოცდილების გაანალიზებით ქართველი ხალხის უმრავლესობა არ მოტყუვდა და ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
– 26 ნოემბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი 4 ოპოზიციური პარტიიდან 3-მა საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო. როგორც ცნობილია, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება მიღებული ხმების მიხედვით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოპოზიციამ აღიარა ხმების ის რაოდენობა, რაც ცესკო–ს შემაჯამებელ ოქმში ჩაიწერა?
– 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 3-მა მოითხოვა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არის პირდაპირ მიბმული არჩევნების შედეგებზე, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიებმა, რომლებიც არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენს ქვეყანას არყევენ და ეხვეწებიან პირდაპირ გარე აქტორებს, დარბიან სხვადასხვა დერეფნებში, ახორციელებენ ზარებს. თქვენ ნახეთ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას სთხოვა, არ ეღიარებინა საქართველოში ჩატარებული არჩევები. ამ ფონზე 3 დიდი დესტრუქციული ოპოზიციური პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს რა საბიუჯეტო დაფინანსებას, რომლის გამოანგარიშება ხდება პირდაპირ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამ პოლიტიკურ ფარისეველ პარტიას ერთი ხმაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ზუსტად იმ ოდენობის თანხას მოაწერეს ხელი (მილიონზე მეტ ლარს), რომლის გამოანგარიშებაც ხდება სწორედ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით. არა მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტი არის დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ძალიან მასშტაბურ პოლიტიკურ ფარისევლობასთან, მთელ დასავლურ სამყაროში ეს პრობლემა არის დღეს, ასე იმართება, ასე იწარმოება პოლიტიკა. თუნდაც ის წარმოუდგენელი ცინიზმი, რაც ვიხილეთ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან.
– ცხადია, პოლიტიკას სჭირდება ფული, შესაბამისად პარტიები ფინანსდებიან იმ ბიზნესის მიერ, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებას იზიარებენ. თქვენი აზრით, პროევროპულ პარტიებს აფინანსებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში მდიდრდებიან?
– ფაქტია, რომ რუსეთში საქმიანობით დიდ ფულს შოულობენ ყოველწლიურად და ეს ბიზნესები, ეს ადამიანები ხელისუფლებას სდებენ ბრალს პრორუსულობაში და მსგავს აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ რევოლუციურ სცენარებში, რომელიც თითქოს ეყრდნობა იმას, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა. მთელი ამ წლების ცილისწამების ფონზე, ამერიკული და სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებითაც კი, ვერ მოუძებნეს ხელისუფლებას ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს ხელისუფლების კავშირებს რუსეთთან. სამაგიეროდ, ვხედავთ ციფრებში, კონკრეტულ დოკუმენტებში, თუ როგორ ფინანსდებიან კონკრეტული „პროდასავლელი პოლიტიკოსები“ – ლიაკა ხოშტარია თუ სხვები. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ დოკუმენტებს საშემოსავლო და საბაჟო სამსახურებიდან, როდესაც ბიზნესები, რომლებიც ამ ქვეყანაში რევოლუციასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ყოველწლიურად მილიონებს შოულობენ რუსეთთან მჭიდრო კავშირის, კარგი სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. ალბათ, ქართულმა ბიზნესმა კაია კალასისგან ისწავლა, დააბრალოს სხვას ის, რასაც თვითონ აკეთებს. ევროკავშირი, ერთი მხრივ, თითქოს რუსეთს ებრძვის და აფინანსებს ევროპელი ხალხის ფულით უკრაინას, რომ მან მალე დაამარცხოს რუსეთი, ხოლო, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. გაცილებით უფრო ძვირად ყიდულობენ რუსეთის ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ეს უკრაინის ომის დაწყებამდე იყო. ევროპის რამდენიმე ქვეყანას დღემდე, უკრაინის გავლით მიეწოდება რუსეთის ბუნებრივი რესურსები. ყველაზე ამაზრზენი ფაქტი – კაია კალასი, რომელიც არის ევროკავშირის კომისარი საგარეო საქმეებში, მისი მეუღლე, დადასტურებულად არის რუსეთთან ბიზნეს საქმიანობაში და მისი კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 200 მლნ ევროს აღემატება რუსეთთან ვაჭრობის შედეგად. რამდენიმე ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ხაზი გავუსვათ იმ პოლიტიკურ ფარისევლობას, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში და არის აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის ხელწერა.
– ბოლო დღეებში ჯო უილსონის სტატუსები იხილა საზოგადოებამ პლატფორმა X-ზე. რა მიზანი აქვს მას?
– მისი პოსტები ემსახურებოდა დესტრუქციული ოპოზიციის ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაღვივებას. 2-3 საათის განმავლობაში ამერიკელმა კონგრესმენმა, 77 წლის ჯო უილსონმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც ვიცით, ინსულტი გადაიტანა და სახლში განაგრძობს მკურნალობას, ამ ადამიანმა ერთ დღეში გამოაცხო 3 ტვიტი, რომელიც თავისი ლექსიკით არ იყო არც პოლიტიკური, არც დიპლომატიური და ჰგავდა ელისაშვილის სამეტყველო ლექსიკას. ალბათ, ახალ წლამდე, სანამ ხაზები გადაიტვირთება, მოასწრო და გადახდილი თანხის შესაბამისად შეკვეთილი სამივე ტვიტი ერთიანად გამოაცხო. ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. „დიფ სტეიტი“ – რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ამაზე ლაპარაკობს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდის თითქმის ყველა წევრი – ტრამპმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა მისი დანგრევა, რომელმაც არა მარტო ამერიკას, მთელ მსოფლიოს დიდი უბედურება მოუტანა – ომები, სისხლიანი რევოლუციები, გადატრიალებები და ა.შ. როდესაც „დიფ სტეიტზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფი, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, ეს მოიცავდა რესპუბლიკური პარტიისა და დემოკრატების წარმომადგენლებსაც, მედია და ბიზნეს კორპორაციებს, ძალიან დიდ ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი მიზნების მიღწევაში, რომ მათი იდეოლოგია გავრცელდეს მთელ მსოფლიოში, რასაც ისინი დემოკრატიის ექსპორტს უწოდებენ. ეს კი არის ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური ფარისევლობა, სრული მორჩილება, მათი ჰეგემონიის განმტკიცება, მათი ფინანსური ინტერესების, ფინანსური სარგებლის ზრდა სხვა ქვეყნების ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. მათი დემონტაჟი არ იქნება მარტივი პროცესი. ამ ყველაფრის აშენებას და განმტკიცებას ეს ძალები ათწლეულებია ცდილობენ და ერთ ღამეში ამ ყველაფრის ჩამოშლა შეუძლებელი იქნება. ეს პროცესები აისახება ევროკავშირზეც და საქართველოზეც.
– როგორია საქართველოს როლი ამ ბრძოლაში?
– ამ ბრძოლაში ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით. გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები. ქართველი ხალხი პოლიტიკურად კიდევ უფრო გაიზარდა და მყარად დავდექით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის მიზნები და არა ის, თუ რომელ კავშირში გაწევრიანდება ან არ გაწევრიანდება საქართველო. ევროკავშირი იქნება თუ სხვა რომელიმე გაერთიანება, უნდა დავინახოთ, როგორც ინსტრუმენტი და არა როგორც ეროვნული მიზანი. საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან, იმისთვის, რომ მომავალში აღარ დადგეს ჩვენი ქვეყანა ასეთი საფრთხეების წინაშე. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაც ამას ემსახურებოდა, რომ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ არ დავდგეთ რევოლუციური პროცესების წინაშე და ქვეყანა მუდმივად არ ვაყანყალოთ. ბოლო სამი წელია საქართველო აფიქსირებს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპს, ამ ფონზე პოლიტიკური ტურბულენტობა, ქუჩებში მასობრივი არეულობები, სახელმწიფო შენობებზე შტურმი, ცეცხლი, მასობრივი არეულობები თბილისში იყო სერიოზული ზიანის მომტანი საქართველოს ეკონომიკისთვის. სწორედ იმ ბიზნესმენებს უნდა დაეკისროთ კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც ქვეყანას მიაყენეს.
– რას ელოდებით 29 დეკემბერს, როგორ განვითარდება მოვლენები?
– 29 დეკემბერს ველოდებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მშვიდობიან ფორმასა და ვითარებაში. ეს იქნება წერტილის დასმა მასობრივ ევროისტერიკაზე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, 4-წლიანი ვადა, რომელიც არჩევნების შედეგად ეძლევა ხელისუფლებას, „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში, დაიწყო ეს 2020 წლის არჩევნების არაღიარებით, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისით და გაგრძელდა ევროინტეგრაციის თემით. ჯერ იყო სტატუსის მინიჭების თემა, მერე მოლაპარაკებების გახსნის, სანქციების საკითხი. მუდმივი რევოლუციის რეჟიმში აცხოვრეს ქვეყანა. რაც დრო გავა, უფრო მეტად გავაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობისა და მასშტაბის ბრძოლა მოვიგეთ ჩვენ ამ 4 წელიწადში. ეს იქნება საწყისი იმ გრძელი გზის, რასაც ჰქვია ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. საერთოდ, ამ ახალ გლობალურ წესრიგში, რომელიც ჩვენ თვალწინ იწერება და იქმნება, საქართველო მოიპოვებს ღირსეულ ადგილს. ჩვენმა ქვეყანამ პატივისცემა დაიმსახურა.