leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი.

„რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. „შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად, უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები “ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე”. ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ