leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფაზე: ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა. მათი მიზანია, ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეოს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა.

მისივე თქმით, მათი მიზანია, ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ, გარდა P. Diddy კატეგორიის არასწორი “როლური მოდელებისა“.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, მთელი ერი რომ არ გამოფხიზლებულიყო, ეს ყველაფერი საერთოდ მოარღვევდა სოციალურ ქსოვილს და კულტურით გამდიდრებულ ღირებულებებს, რასაც კაცობრიობის ისტორიის გზაზე აქამდე მოუყვანია, გაუტანია და გამძლეობა თუ გამბედაობა მოუნიჭებია ქართველებისთვის ათას მტერთან ბრძოლაში.

„ამ წელს, იმედი მაქვს, ბოლო პოლიტიკური პოსტი იქნება და მეტად აღარ დაგამძიმებთ. უბრალოდ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა…

გუშინ ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეო ვნახე. კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ სრულიად ამორალურ ფორმაზე, რომლითაც ამ აქციების ერთ-ერთი სახე დემონსტრირებს, თუმცა თქვენს ყურადღებას ამჯერად სხვა დეტალებზე შევაჩერებ.

ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა. მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ, გარდა P. Diddy კატეგორიის არასწორი “როლური მოდელებისა”

ეკლესია და ჩვენი სულიერი მამები შეურაცხყვეს, ერეკლე და თამარი მოღალატედ და უზნეოდ გამოაცხადეს, ოლიმპიელებს აგინეს, შვილებს მშობლების დაუმორჩილებლობა ასწავლეს, მოსწავლეებს კი მასწავლებლების აბუჩად აგდება.

მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის არჩეულ პრემიერს ეგრეთ წოდებულს ეძახიან, ქვეყნის პატრიოტს კი ასანქცირებენ.

ლაშა ტალახაძის მიღწევები რომ გააუფერულო, ასეთი მდაბიო უნდა მიუჩინო, უკადრებელი აკადრო და ვირტუალურად მაინც შეაჩვიო, რაღაც კატეგორია ადამიანები რომ ავტორიტეტები არ არსებობენ ((

ამის საპირწონედ კი მორალურად დაცლილი და სულიერად გარყვნილი ადამიანების კულტი შექმნეს. ხორციელ სიამოვნებასა და გართობაზე ორიენტირებულ სოციუმად ქცევას გვიპირებდნენ, სადაც არ არსებობენ გმირები, ღირსეული ავტორიტეტები, ხოლო სულიერებისა და სწორი ღირებულებების ნაცვლად, მხოლოდ, სიამოვნება, ყოფიერება და გართობაა. გართობაში ცუდი არაფერია, უბრალოდ მათი თავსმოხვეული “გართობის“ კრებსითი სახელიც ფი დიდია…

რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? მხოლოდ ერთ მიზანს – არაფერი მყარი და წმინდა არ უნდა დარჩენილიყო. მორალდაკარგული, ღირსება აყრილი, სულიერების შიმშილში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ღირებულებითი ღერძი არ გააჩნიათ და მარტივად მართვადნი არიან. ეს ის საბოლოო შედეგია, რისი მიღებაც სურდათ.

სად მივყავდით ამ ყველაფერს, მარტივი მისახვედრია. მთელი ერი რომ არ გამოვფხიზლებულიყავით, ეს ყველაფერი, ალბათ, საერთოდ მოარღვევდა ჩვენს სოციალურ ქსოვილს და ჩვენი კულტურით გამდიდრებულ ღირებულებებს, რასაც კაცობრიობის ისტორიის გზაზე აქამდე მოვუყვანივართ, გავუტანივართ და გამძლეობა თუ გამბედაობა მოუნიჭებია ჩვენთვის ათას მტერთან ბრძოლაში.

საბოლოოდ კი ამ გამოცდილებით დიდი სიბრძნის მატარებელ ერად ვყალიბდებით, რომელსაც ყველა კრიტიკულ მომენტში სწორედ ამ სიბრძნით გაუკვალავს სამშვიდობოს გზა.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ“, – წერს ნინო წილოსანი.

ასევე იხილეთ