ჯაბა კანკავამ „დინამო თბილისში“ დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა და კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ, სადაც ფეხი ავიდგი და პროფესიული ფეხბურთის თამაში დავიწყე. მინდა, მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის“ – განაცხადა ჯაბა კანკავამ.
კლუბმა კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის დაბრუნებასთან დაკავშირებული დეტალები გაამხილა.
„ჯაბა კანკავა კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ჯაბა კანკავას პროფესიული კარიერა სწორედ „დინამოში“ დაიწყო. იგი კლუბის ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და „ლურჯ-თეთრებთან“ ერთად უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. კანკავამ „დინამოს“ ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. დედაქალაქური კლუბის გარდა, ჯაბა კანკავას სხვადასხვა დროს უთამაშია კიევის „არსენალში“, „დნიპროში“, „კრივბასში“, „რეიმსში“, „ვალანსიენში“, „ტობოლსა“ და „სლოვანში“.
ჯაბა კანკავა 9 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ – ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.