leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა ზურაბიშვილზე: ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი მივიდა და უთხრა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და იმ გიჟს არ მიუჯდე გვერდითო

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ათონელის რეზიდენცია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ერთი რამ კი გაიაზრა, ისტორიაში რომ არ შესულიყო კიდევ მორიგი კონსტიტუციის დამრღვევად.

მისი თქმით, ოპოზიციის სცენარი იყო, რომ ზურაბიშვილი არ უნდა გამოსულიყო რეზიდენციიდან.

„არის გარკვეული ჯგუფები, პატრონები, რომლებიც დავალებებს აძლევენ ადგილობრივ აგენტურებსა და უსამშობლოებს, მათ შორის მადამ „მავნებელი“ ეს არის უკვე წარსული. ერთი რამ კი გაიაზრა – ისტორიაში რომ არ შესულიყო კიდევ მორიგი კონსტიტუციის დამრღვევად. მაგრამ, მინდა იმ ახალგაზრდებს ვუთხრა, ვინც გარეთ დგას, მეგობრებო, სულ გაფრთხილებდით, ნუ გამოაყენებინებთ თავს, ვისი სახელით გამოდიხართ. ის ოპოზიციური პარტიები, რომელიც თქვენ უკან დგანან ფული აიღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაანებეთ თავი, ესენი ათასი ორმაგი სტანდარტის მქონენი არიან – ნუ გამოაყენებინებთ თავს.

სცენარი იყო ასეთი – ქალბატონი მავნებელი არ უნდა გამოსულიყო იმ შენობიდან, შემდეგ გარეთ დადგებოდნენ, ახალგაზრდებს ფარად გამოიყენებდნენ, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები იძულებული გახდებოდნენ გაეწიათ ეს ხალხი, იქნებოდა დაპირისპირება და ეს ე.წ. კარწინკა უნდა გაეშვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეთქვათ, – აი, როგორ იქცევიან და როგორ ექცევიან ჩვენთვის მავნებელს და მათთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტს როგორ ექცევიან. ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი მივიდა და უთხრა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და იმ გიჟს არ მიუჯდე გვერდითო“, – აღნიშნავს ზარქუა.

ასევე იხილეთ