ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში 35 114 სირიელი დაბრუნდა, რომელიც მანამდე ლტოლვილად თურქეთში იყო გადახვეწილი, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ CNN Turk-თან ინტერვიუს დროს.
როგორც ერლიკაიამ აღნიშნა, დღეში საშუალოდ 1 672 სირიელი ბრუნდება თურქეთიდან სირიაში.
„8 დეკემბრის შემდეგ მათ მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, ღირსებასა და წესრიგში დაიწყეს დაბრუნება“, – აღნიშნა ერლიკაიამ.
მისი თქმით, ახლა სირიელთა უმეტესობა ალეპოში ბრუნდება. როგორც ერლიკაიამ დასძინა, დღესდღეობით თურქეთში 3 მილიონი სირიელი ცხოვრობს, რომელთაგან 805 ათასი – თურქეთში დაბადებული ბავშვია.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.