leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ 2025 წელს – მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი. მაგრამ, მისი თქმით, დამდეგი 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

,,ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო.

ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას.

ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ – მშვიდობა და ერთობა.

ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრერეველი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება.

განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოს და მომავალს.

ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია – ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ, და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ.

სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.

გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები!”– აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ასევე იხილეთ