leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ამ გადარჩენაში განუზომელია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!

„ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით იმიტომ, რომ ბოლომდე გავიაზრეთ საფრთხე! გადავრჩით იმიტომ, რომ ერმა და ბერმა ასე ვისურვეთ! გადავრჩით იმიტომ, რომ გვჯეროდა, – ხელისუფლება არაფრის გამო არ დათმობდა მშვიდობას, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას განაპირობებდა! გადავრჩით! და ამ გადარჩენაში განუზომელია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ახალ წელს და დამდეგ შობას ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს!

მართალს ვიტყვი: კი, ვცდილობდი, ფეისბუქში ხუმრობით შემენიღბა, მაგრამ, ალბათ, თქვენც მატყობდით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი. განსაკუთრებით, სატელევიზიო გამოსვლების დროს.

ძალიან მეშინოდა, რომ ის უბედურება, რამაც უკრაინა მიწასთან გაასწორა, ჩვენს სამშობლოში არ მენახა!

კი, მეიმედებოდა ხელისუფლება, 2022 წლის 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოჭრით ნათქვამმა, რომ საქართველო ამ ომში არ შევიდოდა, იმედიც გამიჩინა, მაგრამ შიდა თუ გარე მტრების აქტიურობა ხანდახან შიშსაც მგვრიდა.

არამხოლოდ მე, ბევრი განიცდიდა.

ალბათ, ამიტომაც, პოლიტიკურ ველზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ყველა მივხვდით, რომ გადავრჩით!

იმ ორ წელიწადს გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დადიოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბოლო ერთი წელია, იმ ნაკვერჩხლებზე დადის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთელი მთავრობა და პარლამენტი.

და არ ყოფილა არცერთი ნაბიჯი უკან, რადგან ვიცოდით, რომ უკან უფსკრული იყო!

ყველა ვგრძნობდით, რომ მხოლოდ ერის ერთიანობას შეეძლო ჩვენი სამშობლოს გადარჩენა!

ამ ერთიანობას ხელისუფლებაც გრძნობდა და ხედავდა!

ჩვენ გადავრჩით!

გადავრჩით იმიტომ, რომ ბოლომდე გავიაზრეთ საფრთხე!

გადავრჩით იმიტომ, რომ ერმა და ბერმა ასე ვისურვეთ!

გადავრჩით იმიტომ, რომ გვჯეროდა, – ხელისუფლება არაფრის გამო არ დათმობდა მშვიდობას, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას განაპირობებდა!

გადავრჩით!

და ამ გადარჩენაში განუზომელია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ღამის თბილისის ცას ფეიერვერკები ანათებს.

ეს მშვიდობის ფეიერვერკია!

გარეთ მშვიდობა “გრგვინავს”, სახლში “გამხიარულებული ბუხარი გუგუნებს” და ტელევიზორში მრავალჟამიერი ისმის!

ეს მშვიდობაა!

გილოცავთ!

მადლობელი ვარ!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ