2025 წელი ყველაზე ადრე შობის კუნძულზე, ყველაზე გვიან კი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში დადგა – გრანდიოზული ფოიერვერკი და საუკუნოვანი საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს ქვეყნებში
2025 წელი მსოფლიოში ყველაზე ადრე შობის კუნძულზე, იგივე კირიბატში დადგა. ყველაზე გვიან კი ახალი წელი წყნარი ოკეანეს ცენტრალურ ნაწილში იზეიმეს. გრანდიოზული ფოიერვერკი, სურვილები მონეტების სანაცვლოდ და სხვა ტრადიციები, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის.
მსოფლიოში ახალი წლის დადგომის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა წელსაც ნიუ-იორკში ტრადიციული ბურთის დაშვების ცერემონია იყო. მანჰეტენზე გრანდიოზული შოუს სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბურთის დაშვების ცერემონია, რომელიც ახალი იმედის სიმბოლოა, ტრადიციას 1907 წლიდან იღებს.
გრანდიოზული სანახაობა იყო ბრაზილიაშიც. საახალწლო ცერემონიებს რიო-დე-ჟანეირომ უმასპინძლა. ფოიერვერკების მთავარ, 12 წუთიან შოუს, 3 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ქალაქში სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებებისთვის 13 სცენა იყო მოწყობილი.
ახალი 2025 ერთ-ერთი პირველი იაპონიაში დადგა. ტოკიოში ახალ წელს ათასობით ადამიანი მეიდზიში შეხვდა. იაპონური ტრადიციის მიხედვით, ამომავალი მზის ქვეყანაში მოქალაქეებმა საკულტო ადგილებში მონეტების ჩაგდების სანაცვლოდ, საახალწლო სურვილები უნდა ჩაიფიქრონ.
ევროპაში კი, ყველაზე მასშტაბურ ფოიერვერკების შოუს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა. ლონდონში ბიგ-ბენის საათზე ზუსტად 12 საათის შესრულების შემდეგ, ქალაქი მდინარე ტემზას ორივე მხრიდან გასროლილმა ფოიერვერკმა გაანათა. გრანდიოზული სანახაობა 12 წუთს გაგრძელდა.
ტრიუმფალური თაღი და ეიფელის კოშკი – გამორჩეული იყო საახალწლო სანახაობა პარიზშიც. ლაზერული და ფოიერვერკებისშოუს ელისეის მინდვრებზე ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
გერმანიაში ახალ წელს ათასობით მოქალაქე ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეხვდა. ბერლინში გაიხსენეს 1989 წლის მოვლენები, რის შემდეგაც გერმანია გაერთიანდა.